საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში ვიზიტით მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრები მიიღო. შეხვედრას სომხეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საბერძნეთის, იორდანიის, მოლდოვის, რუსეთის ფედერაციისა და სერბეთის პარლამენტების დეპუტატები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა. ,,მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით. საქართველო უძველესი მართლმადიდებლური სახელმწიფოა და ყველა მართლმადიდებლის სახელით მე გულითადად მოგესალმებით თქვენ“, - განაცხადა ილია მეორემ.
კათოლიკოს-პატრიარქის მისალმების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა. ,,მე მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო მის უწმინდესობას არა მხოლოდ დღევანდელი მიღებისთვის, არამედ მისი პერსონალური წვლილისთვის, მონაწილეობისთვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და მისი რჩევა - დარიგებებისთვის, რომელსაც ვიღებთ ამ დელეგაციის წევრები ყოველი ასეთი ღონისძიების წინ. ქართველი პარლამენტარებისთვის დიდი პატივია ვიყოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები. საქართველოს პარლამენტი, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონდომებულია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ინიციატივები მისი უწმინდესობის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი და მასშტაბური ღონისძიება ჩატარდეს მომავალში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ყველა ჩვენგანს, ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი პოლიტიკური კურსი, ჩვენი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო უკეთ და მჭიდროდ დავაფუძნოთ მართლმადიდებლური, ქრისტიანული ღირებულებების სისტემა და ჩვენ, პოლიტიკის კეთების დროს, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დროს, მეტი და მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ეკლესიასთან, მის საჭეთმპყრობელთან და ამითი ჩვენ უკეთესად და უფრო სწრაფად მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რომელიც თითოეულ ჩვენს ქვეყანას უდგას წინ, განსაკუთრებით მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. მე ვისურვებდი, რომ ამ ასამბლეის სხდომები უახლოეს მომავალში ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როცა ყველა მართლმადიდებელი ქვეყანა, ყველა მართლმადიდებელი იქნება ერთმანეთთან მშვიდობის, თანამშრომლობის და მეგობრობის ვითარებაში და ყველა ის პრობლემა მოგვარდება, რაც სამწუხაროდ დღეს არსებობს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია დღეს კონფერენციაში "განათლება და კულტურა: მართლმადიდებლური ტრადიციის ძირითადი ელემენტები" მონაწილეობას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






