ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვარკეთილში პოლიციელების თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, პოლიციელის დაჭრის ფაქტი მისთვის - როგორც მოქალაქისა და ჯანდაცვის მინისტრისათვის მიუღებელია.
ჯანდაცვის მინისტრი უსამძიმრებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს და იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავე პირის დაკავება დროულად მოხდეს და კანონის შესაბამისი ქმედებები გატარდეს.
„სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და იმედს გამოვთქვამ, რომ ექიმები მეორე დაჭრილის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებენ. მომხდარი ფაქტი თავისთავად, ნებისმიერი ფორმით და გამოვლინებით, მიუღებელია პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და როგორც ჯანდაცვის მინისტრისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს, მან კი ცეცხლი გახსნა და სამართალდამცავები მძიმედ დაიჭრნენ, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილი კი ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






