საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მის მიერ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არასამთავრებო ორგანიზაციების კრიტიკას პასუხობს.
მისი თქმით, იგი დიდ პატივს სცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა საკითხი არასწორად იქნა გაგებული.
"ამასთან დაკავშირებით ჩემი განმარტება ალბათ ზედმეტია. მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ორი წლის განმავლობაში ჩვენ არც ერთხელ არ ჩავრეულვართ სასამართლოს საქმინობაში. ჩემი აზრი გამოვთქვი, რადგან მაინტერესებს რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მხოლოდ ჩემი წუხილი გამოვხატე...ეს ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადებს ძალიან სერიოზულ და ლოგიკურ შეკითხვებს და ეჭვებს, რომ ამის უკან ხომ არ დგას რაიმე კორუფციული ინტერესი. მითუმეტეს როცა კომპანია აცხადებს, რომ დავალიანებას გადაიხდის და ამას მოსამართლე არ იზიარებს. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები. ამიტომ ამაზე ვინც არ უნდა იყოს ეს, მეც რომ ვიყო უნდა გამოვიდე და განვმარტო. ყველამ კარგად ვიცით კონსტიტუცია, მაგრამ ჩემთვის მთავარია მოსახლეობის ბედი და არა ის, ვინ როგორ კითხულობს ჩვენს გამონათქვამს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ყადაღის დადების ფაქტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება. მოგვიანებით ნინო გვენეტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, სახელისუფლებო პოზიციიდან გაკეთებული განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






