სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სპორტულ სამყაროში განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი სპორტული ფედერაციები, გამოვხატავთ უაღრეს შეშფოთებას საქართველოს სპორტულ სამყაროში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო. ტელეეთერითა და ბეჭდური მედიის მეშვეობით ვისმენთ შეფასებებსა და განცხადებებს, რომელთაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ სპორტულ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და შესაბამისად თითოეული სპორტული ფედერაციის საქმიანობაზე, თანაც ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არავინ არ გვაწვდის შესაბამის ინფორმაციას, არ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით სპორტისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, მისი დახურული ფორმატის მიზეზით და პრაქტიკულად უსერიოზულესი გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ წარმოვადგენთ აპოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკური წიაღსვლებით არ ვართ დაინტერესებული, მაგრამ გვაქვს ლეგიტიმური უფლება მოვთხოვოთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ჩაგვაყენონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში და მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ისინი განმარტავენ, ამ მიზნით დღეს სასტუმრო „რედისონში“ შეიკრიბებიან და სპორტის კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებებს მოისმენენ.
შეგახსენებთ, სპორტის კომიტეტმა შესაძლოა მინისტრის, ლევან ყიფიანის გადაყენების პროცედურა დაიწყოს. როგორც ცნობილია, კანონმდებლები ყიფიანს სპორტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე შეხვდნენ. კომიტეტის წევრის ლუკა კურტანიძის თქმით, დეპუტატებს მინისტრთან ბევრი შეკითხვა აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






