"ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ გაკეთბული განცხადების გამო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
პრემიერი დღეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ყადაღის დადების ფაქტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება.
როგორც ნათია ჯაყელი ამბობს, რამდენიმე დღეში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ სასამართლო სხდომაა დაგეგმილი, პრემიერის დღვანდელი განცხადება კი გათვლილი გზავნილი და მიზანმიმართული ზეწოლა იყო სასამართლოზე.
" ვერ ვხვდები რატომ გაუჩნდა დღეს პრემიერს სურვილი მსგავსი განცხადების გაკეთების. იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში ამ თემასთან დაკავშირებიით სასამართლო პროცესი უნდა განახლდეს. ეს ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩენს კითხვას რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მსგავსი განცხადების შემდეგ. ეს არის ზეწოლა სასამართლოზე",-განაცხადა ნათია ჯაყელმა
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ყადაღის შესახებ დივერსიული და გაუმართლებელი იყო. როგორც ის აცხადებს, აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 4500 ლარის გამო არის დაყადაღებული.
„ეს არის კატასტროფა და დივერსია. ამ საწარმოში 2500 ადგილობრივია დასაქმებული. იმ ადამიანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე. იმედია ამ საქმით სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






