თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად გააგრძელებს.
ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მოგახსენებთ, რომ გზა, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად, მივაღწიეთ ქვეყნის მართლაც თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია.
ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული.
გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა შესაძლოა ახალი ფრაქცია შექმნან. ასეთ შემთხვევაში, ალიბეგაშვილი მათთან ჯანსაღი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.
"ისინი ძალინ ღირსეული პიროვნებები არიან, მათთან ერთად ჩვენ დიდი ბრძოლის გზა გამოვიარეთ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს საკრებულოში. იყო არაერთგზის ოპონირება. ეს ოპონირება იყო ყოველთვის კონსტრუქციული. იმედია, მათთან კვლავ ჯანსაღი ურთიერთობა გაგრძელდება", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკრებულოში, პარტიის სახელით საქმიანობა გუშინ შეწყვიტეს.
მასალის გამოყენების პირობები






