ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობების ლეგალიზაციას ითვალისწინებს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული კანონპროექტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარები შემწეობის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო სახელმწიფოს მიმართ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
"სოციალური დახმარების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელ აპრილამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული სოციალური დახმარება ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთან, შეწყვეტას ექვემდებარება ყველა სასამართლო დავა და სააღსრულებო წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება, 767 526 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახების რაოდენობა - 3065-ს. ზემოაღნიშნულ სახსრებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობის სახით ზედმეტად/არასწორად მიღებული თანხების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავებისას სადავო თანხის ჯამური მოცულობა 76,308 ლარი, (სარჩელების ჯამური რაოდენობა შეადგენს 239 სარჩელს). შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დახალოებით 767 526 ლარი დააკლდება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






