„საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება, თუ ჩვენ გვინდა ევროპული სივრცის ნაწილი ვიყოთ. ის, რომ ვიზა საზღვარზე არ აღებულიყო, ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ექსპერტმა გვითხრა“ - განაცხადა თეა წულიკიანმა.
მისივე თქმით, საზღვარზე პიროვნების შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ თუ საქართველოს სურს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სივრცის ნაწილი გახდეს ამგვარ პრაქტიკაზე უარი უნდა თქვას.
რაც შეეხება საიმიგრაციო პოლიტიკას, წულუკიანის თქმით, აღნიშნული პოლიტიკის შემმუშავებელი მიგრაციის სამთავრობო კომისია და სამი წამყვანი უწყებაა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიგრაციის ნაკადებს და საზღვარს აკონტროლებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ვიზებზეა პასუხისმგებელი და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ბინადრობასა და მოქალაქეობაზე აგებს პასუხს.
„მიგრაციის პოლიტიკას ძალიან პროფესიონალ, ძალიან მომთხოვნ და ძალიან მკაცრ ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ. მათი ჩამოსვლა ჩვენთვის ყოველთვის ჰგავს ჩვენს გამოცდას.
სამწუხაროა, რომ ეს დახურული პროცესია. მინდა, რომ ამას თქვენც ესწრებოდეთ. ეს არის მასწავლებლისა და მოსწავლის გამოცდის მსგავსი პროცესი,“ - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ვინც პროცესში უშუალოდ არ არის ჩართული, მათთვის, მათ შორის პრეზიდენტისა თუ მედიის წარმომადგენლებისთვის, კომენტარის გაკეთება უფრო მარტივია.
„მერწმუნეთ, რომ ის სამი მინისტრი, ვინც მიგრაციის პოლიტიკაზე ვმუშაობთ, თავით ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ შემუშავებული პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებთან მკაცრად არის შესაბამისობაში,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






