,,სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ გალის რაიონში აიკრძლება ქართულად სწავლება. გულაგის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აკრძალა ქართული ენა საქართველოში. მოუსპო ჩვენს 35 000 მოქალაქეს საკუთარ ენაზე ურთიერთობისა და სწავლის უფლება. გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში ქართულად სწავლება ადრეც იდევნებოდა, მაგრამ მაინც ხერხდებოდა ღიად თუ ფარულად ქართული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლება მოსახლეობის და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად. საოკუპაციო ადმინისტრაცია ამას არ იმჩნევდა. ამჟამად კი პირდაპირ იქნა გაცხადებული ოკუპანტის მოზანი-გალის მოსახლეობის ქართული საგანმანათლებლო სივრციდან, ქართული სახელმწიფოსაგან მოწყვეტა და ე.წ. აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო პროგრამის იძულებითი დანერგვით მისი სრული რუსიფიკაცია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მკაცრი ტოტალური ზომების მეშვეობით განხორციელდება. ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლება დუმს, ისევე როგორც გალელთა სხვა უფლებების მასობრივ და უხეშ დარღვევბზე, რაც კიდევ უფრო წააქეზებს აგრესორს“ - აცხადებს აფხაზთა კრების ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია.
მათი განმარტებით, 25 თებერვალს სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციათა ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია ,,გალი-თანამედროვე რუსული გულაგი, არა რასიზმს!“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. თუმცა, ახფაზთა კრებაში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, კონფერენციაზე დასმულ მწვავე პრობლემებს ხელისუფლებამ წაუყრუა. ,,როგორც ჩანს მას დარბაზიდან ნათქვამი არ ესმის. ამდენად, 2 აპრილს 15.00 საათზე თბილისში მთავრობის კანცელარის წინ ჩატარდება ბრიფიგი, სადაც ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ როგორ გავაგონოთ და შევაგონოთ ხელისუფლებას რუსულ გულაგში მცხოვრებ გალელთა გასაჭირი და როგორ ვიმოქმედოთ მათი უფლებების ეფექტიანი დაცვისათვის“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები და საზოგადოებას მოუწოდებენ დაესწრონ ბირფინგს, ხოლო მედიას სთხოვენ ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ დატოვონ ყურადღების მიღმა და გააშუქონ.
მასალის გამოყენების პირობები






