თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ განზრახულობათა წერილზე ესაუბრა.
თუმცა აქვე განმარტავს, რომ მის წინამორბედს არა ხელმოწერის გაუქმება, არამედ ხელმოწერის გადადება სთხოვა.
„მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. ის ამბობს, რომ უარი უნდა ეთქვა, თუმცა ეს ასე არ იყო. ჩვენ ვთხოვეთ დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას უკავშირდება, ეს პროცესი დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში ვიზიტის დროს მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას საპასუხოდ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობდა. თუმცა მის წინამორბედთან სატელეფონო საუბარს ადასტურებდა.
"მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს. ეს ე.წ. ხელშეკრულება ჭორაობის საგანი გახდა. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია", - ამბობდა ჯანელიძე.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






