საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ ჩხაიძე, წუხელ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, ამავე სოფლის მკვიდრს, ზვიად ფუტკარაძეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებული ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში მოათავსეს.
როგორც ‘ნიუპოსტს“ კლინიკის მენეჯერის მოადგილემ, რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა, ფუტკარაძე უკვე საავადმყოფოდან გაწერილია, მისი შემოყვანის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.
ოფიციალურად ინფორმაციას, რომ მანქანას, რომელიც მოქალაქეს დაეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი მართავდა, სოფლის მოსახლეობა ავრცელებს.
"ნიუპოსტი" სოფელ ლესის მაჟორიტარს, ელისო ჭიჭინაძეს დავუკავშირდა:
"ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ახლა წამოვედი "მედალფას" კლინიკიდან და არ ვიცი მდგომარეობა, იქნებ მენეჯერს დაუკავშირდეთ. ავტოსაგზაო შემთხვევა? არ ვიცი არაფერი გამიგია"-გვპასუხობდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.
დავუკავშირდით ასევე ლანჩხუთის ე.წ. "ძველ საავადმყოფოს" ხელმძღვანელობას:"გუშინ ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული არ შემოუყვანიათ"-გვიპასუხეს საავადმყოფოში.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისში კი ჟურნალისტები არ შეუშვეს, მედპერსონალმა კარი შიგნიდან ჩაიკეტა და კონტაქტზე არავისთან გადიოდა. „მედალფას“ კლინიკის პერსონალმა ჟურნალისტებს მენეჯერთან დაკავშირება მოსთხოვა, - "ჩვენ ვერაფერს გეტყვით, იქნებ მენეჯერს დაუკავშირდეთ."
კლინიკის მენეჯერი: "იცით მე თვითონ მაქვს ხელი მოტეხილი და არაფერი არ ვიცი, იქნებ ჩემს მოადგილეს დაუკავშირდეთ"-და "ნიუპოსტის" გურიის რეგიონალურ კორესპონდენტს, მისი მოადგილის ნომერი მისცა, რომელიც არ ფუნქციონირებს.
"ნიუპოსტი" აღნიშნულ პიროვნებას მოგვიანებით მაინც დაუკავშირსა: - "იცით წერილობით უნდა მომმართოთ და გადავწყვეტთ გიპასუხოთ თუ არა"-გვიპასუხა მოადგილემ.
"ნიუპოსტი" - ჩვენ გვაინტერესებს დაზარალებულის მდგომარეობა მხოლოდ და მიზეზი, რის გამოც მოიყვანეს ის კლინიკაში?
კლინიკის მენეჯერი - ზვიად ფუტკარაძე შემოიყვანეს გუშინ, დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გაეწია შესაბამისი მკურნალობა და გაწერილია ბინაზე, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გუშინ მომხდარ ფაქტს ასე იხსენებს ფუტკარაძეების მეზობელი ბროლა კუნჭულია: ‘'ხმაურის ხმა შემომესმა, გამოვედი და თვითმხილველები ამბობდნენ დეპუტატი თემურ ჩხაიძე დაეჯახა ჩვენს მეზობელსო, წაქცეული იყო ეს ბიჭი და მისი ძმა ყვიროდა, მიმიშვით ძმა ვარ მისი, როგორ არის მაჩვენეთო. მერე ითქვა, რომ დეპუტატმა დაამშვიდა ოჯახის წევრები და დაპირდა ყველანაირად დაეხმარებოდა, არ მიატოვებდა და მიხედავდა ბოლომდე, ოღონდ ინფორმაციას არ გაეჟონა".
როგორც კუნჭულია იხსენებს, ფაქტი ოზურგეთი-ლანჩხუთის გზის ლესის მონაკვეთზე მოხდა:
„ფუტკარაძეებს რაღაც შემთხვევა ჰქონდათ სახლში, სტუმრები ჰყავდა და გამოსულიყო იყო ეს ბიჭი და აცილებდა სტუმრებს, როცა დეპუტატის მანქანა დაეჯახა“.
ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თემურ ჩხაიძემ კი, ზვიად ფუტკარაძე-გავრცელებული ვერსიით-ვისაც წუხელ, საკუთარი ავტომანქანით დაეჯახა-სამკურნალოდ ქალაქ ქუთაისში, ექიმთან წაიყვანა. ამის შესახებ "ნიუპოსტთან" დაზარალებულის მეზობლებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მცხოვრებლებმა განაცხადეს. მანამდე კი იგივე დაზარალებული, დეპუტატის მოთხოვნით, ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკიდან ხელმძღვანელობამ გაწერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






