ნანუაშვილმა რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების დაკავების და მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის ფაქტებზე.
„დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. „კაბელების საქმისთვის“ საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი.
მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი. ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ომბუდსმენმა პროკურატურის დამოუკიდებლობის შესახბაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახალხო აპარატს დღემდე აქვს კითხვები ამ უწყების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






