პრეზიდენტის დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ძირითადად სწორი აქცენტები გაკეთა, მაგრამ სასურველი იქნებოდა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტს უფრო მეტი ესაუბრა.
„როდესაც პრეზიდენტმა ისაუბრა კარასინ-აბაშიძის ფორმატზე, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ამ მხრივ ქვეყნის საგარეო კურსი არ არის სწორი. მან ისაუბრა კანონმდებლობაზე, რომლითაც სულ რამდენიმე წელიწადში უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები, არცერთი მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც ეს ცვლილებები უნდა განახორციელოს არ უსმენდა და არ ესწრებოდა, ეს იყო სიმბოლური ფაქტი იმისა, რომ დღევანდელი უმრავლესობა და ხელისუფლება აბსოლუტურად არ აპირებს იმის განხორციელებას, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხვალ და ზეგ სჭირდება“,-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ახალი მემარჯვენეების ერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას საგაროე ურთიერთობათა კუთხით არეულ პოლიტიკას აწარმოებს.
„უელსის სამიტის გადაწყვეტილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხი, რომელსაც თურმე მასთან მიმართებაშიც მთავრობა თავს არიდებს, რომ მოხდეს ერთობლივი განხილვები, ზოგადად საგარეო პოლიტიკის მხრივ ეს გაორებები, აბდაუბდა პოლიტიკა, გაუგებარი პოლიტიკა, რომელიც მართალაც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“,-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრ გიორგი გუგავას თქმით, მარგველაშვილს აქვს გარკვეული რიდი ბიძინა ივანშვილის მიმართ.
„მარგველაშვილი ვერ შედგა პრეზიდენტად, ის დარჩა ისევ ექსპერტად, რადგან მას ისევ მორიდება, შიში და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ივანიშვილის მიმართ და არა ქართველი ხალხის მიმართ, რადგანაც მან სულ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უამრავია ქვეყანაში, სიმართლის 10% ილაპარაკა. და არა ის რეალობა, ის უბედურება, რაც ქვეყანაში ტრიალებს, სწორედ ივანიშვილის გადამკიდე.“ -განაცხადა გიორგი გუგავამ.
მასალის გამოყენების პირობები






