საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზე „რეფორმატორთა კლუბის“ წარმომადგენელი, სამართლის ექსპერტი ირაკლი კობიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში ამახვილებს ყურადღებას.
„კანონის მიხედვით, იმისთვის, რომ შს სამინისტრომ კონკრეტული ადამიანის მიმართ მოსმენა განახორციელოს, მას შემდეგ რაც პროკურორი მიიღებს მოსამართლის ბრძანებას, ის იგზავნება შს სამინისტროს ტექნიკურ დეპარტამენტში, რომელიც თავის მხრივ თვითნებურად ვერ ჩართავს ტელეფონს თუ არ ექნება თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. უმრავლესობის აზრით, ეს არის დაცვის გარანტია შს სამინისტროს თვითნებობისგან და ამით მცირდება რისკი იმისა, რომ რომელიმე ადამიანის მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა თვითნებურად შეიძლება განხორციელდეს.“- აღნიშნავს ექსპერტი და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებას რისკების შემცირებასთან დაკავშირებით „რეფორმატორთა კლუბი“ არ ეთანხმება.
„გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური საშუალებები ძირითადად რჩება შს სამინისტროს ხელში, ამ სამინისტროს რეალურად აქვს საშუალება იმის, რომ არ აიღოს მოსამართლის ბრძანება და ისე მოუსმინოს ადამიანს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აქ იმ შემთხვევებში ერთვება, როდესაც სატელეფონო საუბრის მოსასმენად იურდიული პროცედურა უკვე დასრულებულია. მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პრინციპში თანხმობის არმიცემის უფლებაც არ აქვს, იმიტომ რომ უკვე არსებობს მოსამართლის ბრძანება. აქ საუბარი არის იმ ღონისძიებების რისკზე, რომელიც არ ხვდება მოსამართლის ბრძანების ქვეშ და პოლიტიკური ან სხვა არაკანონიერი მოტივით ვიღაცის მოსმენა შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლება. რადგან აღნიშნული ტექნიკა შს სამინისტროში დგას, მათ მოსამართლის და დაცვის ინსპექტორის ინფორმირების გარეშე შეუძლიათ პირდაპირი წვდომა განახორციელონ სატელეფონო საუბრებზე“- აცხადებს კობიძე და "რეფორმატორთა კლუბის" სახელით მთავრობის მიმართ ინიციატივით გამოდის:
„ჩვენი ინიციატივა, როგორც „რეფორმატორთა კლუბის“ არის ის, რომ ეს სამსახური სრულიად გამოტანილი უნდა იყოს შს სამინისტროდან და იგი ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელი უწყების სახით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოდელების მიხედვით პირდაპირ დაემორჩილება პრეზიდენტს, პრემიერს ან პარლამენტს. ამ დახურულ ორგანიზაციასთან გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების კონტაქტი იქნება მხოლოდ სატელეფონო ხასიათის, როორც ეს არის მაგალითად თურქეთის რესპუბლიკაში, გამომდინარე აქედან მინიმუმამადე დავა რისკი იმისა, რომ რომელიმე მაღალჩინოსანმა პოლიტიკური ნიშნით მისცეს დავალება აღნიშნულ სამსახურს, რომ განახორციელოს პიროვნების სატელეფონო საუბრების ჩაწერა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციული ფორმა, ერთი მხრივ მოქალაქეთა პირად ცხოვრებას სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერი ჩარევისაგან დაიცავს და მეორეს მხრივ გაზრდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ვალდებულია დაიცვას ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა“- აცხადებს „რეფორმატორთა კლუბის“ წევრი ირაკლი კობიძე.
მასალის გამოყენების პირობები






