პრეზიდენტი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ცვლილებათა მიუხედავად, ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება.
„უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაიზარდოს საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ უნდა დარჩეს ადგილი ეჭვისათვის, რომ სამართალწარმოება შეიძლება ლეგიტიმურის გარდა რაიმე სხვა მიზნით ხორციელდებოდეს.
ნდობა გაიზრდება მაშინ, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილების რიცხვი. მსგავსი გადაწყვეტილებები კი პრინციპულმა, სამართლიანმა, კვალიფიციურმა, ნებისმიერი ზეწოლისგან თავისუფალმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი - მოსამართლეა!
სწორედ ხსენებული კრიტერიუმებით შერჩეული უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები წარმოგიდგინეთ გასულ წელს.
აქვე მინდა შევეხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმას: ცხადია, პროცესში საზოგადოების ფართო მონაწილეობა მიზნად ისახავდა ღირსეულთა შორის საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, მაგრამ ამავე დროს მას ჰქონდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც - სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ჩართულობით შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფრო მონდომებით აღადგენს სასამართლოსადმი ნდობას. მჯერა, რომ ქალბატონი ნინო დაუღალავი შრომით ახალ ფურცელს გადაშლის ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






