საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
„მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის;საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო გარანტიაა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით ევროატლანტიკური პლატფორმის შესუსტება დაუშვებელია
„დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა. რომელიც აერთიანებს ყველას - პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს თავისი უმრავლესობითა და უმცირესობით“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






