„გუშინ მივიღე მერიიდან პასუხი, რომ ინფორმაცია, რომელიც მე გამოვითხოვე 25 მარტს არის ძალიან კონფიდენციალური და აკრძალული აქვს მერიას გადმომცეს ეს ინფორმაცია. მოვითხოვე კანონით დადგენილ ვადებში მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია 2014-15 წლებში გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარებების შესახებ. სახელობითი სია და საგარანტიო წერილების შესახებ ინფორმაცია. ეს არის საბიუჯეტო თანხები და ამის განკარგვის გაკონტროლება მსურდა, რადგან მქონდა ინფორმაცია ერთჯერადი დახმარებები არ გაიცემოდა მიზანმიმართულად და იმათზე, ვისაც ეს ესაჭიროება, არამედ ეს გაიცემოდა აქტივისტებსა და მის ოჯახებზე. ამის გადამოწმება მინდოდა, მაგრამ არ მომაწოდეს ეს ინფორმაცია. მე ეჭვი მაქვს, რომ ის, რა ინფორმაციასაც ვფლობდი, არის რეალური და მერს არ სურდა გადამემოწმებინა ეს ყველაფერი და აქვს მცდელობა ამ სახით დამალოს, ის რასაც აკეთებენ და ვისზე გასცემენ ერთჯერად სოციალურ დახმარებებს "-აღნიშნა შარაშენიძემ.
როგორც შარაშენიძე ამბობს, დეპუტატისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილს ხელს ადმინისტრაციის უფროსი ბესო მელუა აწერს, თუმცა შარაშენიძის მოსაზრებით, ამას მელუა მერთან შეუთანხმებლად არ და ვერ გააკეთებდა.
"იყო დაშვებული პრეცენდენტი, როცა მერის სარეზერვო ფონდიდან ვის გაუწიეს დახმარება, დეპუტატებს გადმოგვეცა ამის სახელობითი სია, მაგრამ ვინ იღებს სოციალურ დახმარებებს ეს ვერ გავარკვიეთ. მერია მალავს საჯარო ინფორმაციას და ეს არის კანონით დასჯადი და ვაპირებთ ამის გასაჩივრებას. როგორც გვაქვს ინფორმაცია, დახმარებების გაცემა ხდება ძალიან მახინჯი ფორმით, ანუ ჯერ აიღებს ოჯახის ერთი წევრი, მერე მეორე და ა.შ. ესენი არიან ყველა მისი აქტივისტები. მერია არ არის დახურული სივრცე და თუ იქედან დეპუტატისთვის გახდება პრობლემა საჯარო ინფორმაციის მოპოვება, მაშინ ამას საერთოდ ვერ შეძლებს ჩვეულებრივი მოქალაქე"-განაცხადა დეპუტატმა.
იურისტების განცხადებით, დეპუტატს აქვს მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია ისე , რომ არ მოხდეს პირის იდენტიფიკაცია.
მერიას თავის ქმედების გასამართლებლად ადმინისტრაციული კანონი მოჰყავს და აცხადებს, რომ დეპუტატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯარო არაა:
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად ,,საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 2-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ნ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას“. აქედან გამომდინარე, ნათია შარაშანიძის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. რაც შეეხება მის აბსურდულ განცხადებებს, ქალაქის მერი ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აცხადებს მერია ნათია შარაშენიძის ბრალდებების საპასუხოდ.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






