პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იტალიაში 31 წლის ქართველი ქალბატონი გარდაცვლილი 27 მარტს იმ ოჯახში იპოვეს, სადაც ის მუშაობდა.
ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ტრაპაიძე შესაძლოა მწვავე ინტოკსიკაციის მსხვერპლი გახდა. ცნობილია, რომ ის იტალიაში მოხუცის მოსავლელად იყო წასული. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები






