ძირითადი განხილვის თემა მაჟორიტარული სისტემის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით შეცვლის საკითხი იყო. ეს ცვლილება მომავალი 2016 წლის არჩევნებამდე უნდა გახორციელდეს.
ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის სწრაფად მიღებას ითხოვს. მაჟორიტარული სისტემის შეცვლას ითხოვენ თავისუფალი დემოკრატებიც.
საარჩევნო სისტემაში ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც, მისი შეფასებით , მაჟორიტარული ოლქების ზომასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია.
"მოგეხსენებათ, საარჩევნო სისტემის თაობაზე კომისიაში გვაქვს ჩანაწერი, რომელიც თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის სამართლებრივი სახელმწიფოს არანაირ სტანდარტს, თუმცა შემდგომ კანონმდებლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ხარჯეზები, კერძოდ, მაჟორიტარული ოლქების ზომასთან დაკავშირებით, სადაც დისბალანსი აღწევს 25 და ოცდაათჯერად განსხვავებებს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს გაცილებით ნაკლებს, მაქსიმუმ 15-20 პროცენტიან სხვაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ჯგუფის ფარგლებშიც, კონსტიტუციური ცვლილებების გზით, კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე როგორ შეიძლება ამ საკითხს ჩვენ სათანადო გადაწყვეტა მოვუძებნოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, საჭიროა აღნიშნულ თემაზე ფრთხილი და ფაქიზი მუშაობა, რომ პროცესში გარკვეული შედეგი დადგეს.
"საარჩევნო საკითხებზე შესაძლო პოლიტიკური კონსენსუსი შეიძლება აღმოჩნდეს გასაღები სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






