ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებამდე ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ადამიანური პირობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა დევნილთა პრობლემებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და ადგილობრივ ბიზნესმენებს მათი დახმარების მიზნით მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო.
"მინდა შევეხო დევნილების თემას, რაც ყოველთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სამეგრელოში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს თანდათან შეუმსუბუქდეთ ცხოვრების პირობები. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართობით დავაკმაყოფილეთ 800-მდე დევნილი ოჯახი, საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 1500-ზე მეტ ოჯახს; დევნილი ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შეძენილია 90 სახლი, 20 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა სოციალური პაკეტით და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებამდე ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ადამიანური პირობები", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






