"2013 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნდა ფალსიფიცირებული „დოკუმენტის“ ქსეროასლი, რომელშიც დავით საგანელიძის მიმართ გაჟღერდა ბრალდება, თითქოსდა იგი საიდუმლოდ თანამშრომლობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან.
საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ დავით საგანელიძემ დაუყონებლივ მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის საქართველოს პროკურატურას, აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით.
თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინა.
თემის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ბ-მა დავით საგანელიძემ საჭიროდ მიიჩნია აღნიშნული დასკვნის საზოგადოებისთვის გაცნობა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ: „შესაბამისი ბრძანების თანახმად, პირები, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან აღრიცხულები არიან ამავე უწყებებში. ამ ფაქტობრივი გარემოების გადამოწმების მიზნით, საქართველოს პროკურატურამ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
„გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დავით საგანელიძის შესახებ რაიმე სახის მონაცემები არ მოიპოვება.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე ელისო კილაძის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მასზე ასევე არ აღინიშნება ოფიციალური დოკუმენტისათვის დამახასიათებელი შტამპი, ნომერი და სხვა რეკვიზიტები.
შესაბამისად, გამოძიებით დადგინდა, რომ „ელისო კილაძის საგაზეთო სტატია სიმართლეს არ შეესაბამება და ქსეროასლი შეიცავს ყალბ ინფორმაციას დავით საგანელიძის სამხედრო პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში დაიკითხა შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა +“ - ის დამფუძნებელი და დირექტორი ქ-ნი ელისო კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „გამოქვეყნებული ქსეროასლი 2013 წლის სექტემბერში მას დალუქულ კონვერტში დახვდა სამსახურის შესასვლელკარზე. მისივე განმარტებით, წერილის წარმოშობასა და მის რეალობაზე არავითარი წარმოდგენა არ აქვს და მისთვის არაფერია ცნობილი გარდაზემოაღნიშნული ფაქტისა“.
კილაძის განცხადებით, აღნიშნული სტატია 2013 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „ქრონიკა +“ - ში მისი გადაწყვეტილებით დაიბეჭდა.
პროკურატურის დასკვნით დადასტურდა, რომ 2013 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „ქრონიკა +“ - ში გამოქვეყნებული ინფორმაცია დავით საგანელიძესთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამებოდა."-ნათქვამია სულხან გონიავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






