თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საფრანგეთში ვიზიტის დროს ირაკლი ალასანიასთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს.
თუმცა როგორც ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა.
"მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს. მე გთხოვთ ჟურნალისტებს, იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს. ეს ე.წ. ხელშეკრულება ჭორაობის საგანი გახდა. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებულია. როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა მასში მეტი სიცხადე იყოს. სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარი ეხებოდა განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას“, - განაცხადა ჯანელიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში ვიზიტის დროს მას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






