ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძის თქმით, IRI-ის კვლევის შედეგად საინტერესო სურათი დაიდო.
როგორც ლაგაზიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს რეიტინგის ვარდნა მოსალოდნელი იყო.
ექსპერტი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც მისი აზრით, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო საზოგადოების რიცხვი გაზარდა.
„ვარდნა პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ხელისუფლება რაღაც მიმართულებით არაეფექტურია, ხოლო იქ, სადაც დგამს ეფექტურ ნაბიჯებს ამის გაშუქება ნულის დონეზეა. საზოგადოებასთან კომუნიკაცია ემბრიონის დონეზეც კი არ აქვს და მთელი მისი პრობლემები მოდის აქედან. როდესაც კომუნიკაცია არ არის საზოგადოებაში ჩნდება ვაკუუმი და იმედგაცრუება, რომ ხელისუფლება არარეზულტატურია და ეს ყველაფერი კვლევაზე აისახება. არის შეცდომებიც - ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ხედვის უქონლობა, სხვადასხვა მიმართულებების სტრატეგიული გეგმები არ დევს, არ ვიცით საით მიდის ქვეყანა და ამ პირობებში არ არის გასაკვირი რეიტინგის ვარდნა. ზოგადად, მესამე წელი მნიშვნელოვანია რეიტინგის გარდატეხის თვალსაზრისით. ლოგიკურია რეიტინგის ვარდნაც, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი მკვეთრი ვარდნა იმ პრობლემებით არის გამოწვეული, რაზეც ვისაუბრეთ. ყველაფერი აკუმულირდება და ხელისუფლების დაბალ რეიტინგში აისახება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, თუ მონაცემებს დავეყრდნობით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა „ქართული ოცნებისთვის“ რისკის შემცველის კი აღმოჩნდეს. ლაგაზიძის განმარტებით, არჩევნებზე მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის გაიმართება. როგორც ექსპერტი ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება პროცენტული დაშორება, პირველ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიებს შორის.
„მონაცემების მიხედვით ხელისუფლება პირველ ადგილზე გავა, მაგრამ თუ გაგრძელდა რეიტინგის მზარდი ტემპით შემცირება, მაშინ ხელისუფლება კი გავა პირველ ადგილზე, მაგრამ ის ვერ შეძლებს იმგვარი უმრავლესობის დაკომპლექტებას, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს მთავრობა. ასეთ შემთხვევაში მეორე და მესამე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალასთან სერიოზულ დათმობაზე წასვლა მოუწევს, რაც ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ ოცნება იქნება. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბრძოლა გაიმართება მეორე ადგილისთვის. რადგან იგივე „ნაციონალები“ მყარად ვერ იგრძნობენ თავს 2016 წლის არჩევნებზე, თუნდაც მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ოთხ პარტის თანაბარი შანსი აქვს მეორე ადგილზე გასვლის. საინტერესო იქნება, რამდენ პროცენტიანი დაშორება იქნება პირველ და მეორე ადგილს შორის. ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის. თუ მცირე იქნება დაშორება, ეს მცირედით აისახება მანდატებში, მაშინ როგორც პირველ, ისე მეორე ადგილზე გასულ ძალას ექნება თეორიული შანსი, რომ სხვა პარტიებთან კოალიციით დააკომლექტონ საჭირო რაოდენობა მთავრობის ფორმირებისთის. ასე, რომ ეს რისკი აქვს „ქართულ ოცნებას“. საინტერესო სურათი დაიდო უდაოდ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






