პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმის ექსპერტ ავთანდილ გუმთაიშვილზე პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. პეტრიაშვილის თქმით ზეწოლა იმ მიზნით განხორციელდა, რომ დაცვის მხარეს 1 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესისთვის არგუმენტები შეუსუსტდეს.
„პროკურატურა მოქმედებს ზღვარგადასული მეთოდებით, ის წარმოადგენს ინსტრუმენტს ბინძურ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და მისი დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ მივმართავთ დე ფაქტო პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და მის უმოქმედო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანებზე წნეხის განხორციელება. შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური ძალის და ლიდერების წინააღმდეგ ყოვლად დაუშვებელი და ბინძური მეთოდებით ბრძოლა. ეს ბრძოლა განწირულია მარცხისთვის, ეს ხელისუფლება განწირულია კრახისთვის , კაბელების საქმე კი ჩამოშლისთვის“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილმა არასამთავრობოებს და დიპლომატიური კორპუსს საქმით დაინტერესების და რეაგირებისკენ მოუწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტ გუმთაიშვილს აიძულეს, რომ უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






