თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან დავით ჯიქიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის კოდექსსა და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები იყო, რომელიც სამომავლოდ გააიოლებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას. შეხვედრაზე გამოიკვეთა თვითმმართველობისთვის პრობლემური ათამდე საკითხი. ძირითადი შენიშვნები შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამოითქვა. გარკვეული შენიშვნები არსებობს ასევე თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებითაც.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება რეგიონების გუბერნატორებთან, ქალაქების მერებთან და გამგებლებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 11 მარტს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ ერთ კვირაში ანალოგიური შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთანაც ჩატარდება, რის შემდეგაც მომზადდება იმ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენელთა აზრით, გააუმჯობესებს ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობას.
ცვლილებებზე მუშაობას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და თბილისის მერი მარტის ბოლომდე დაიწყებენ, რის შემდეგაც ინიციატივას განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






