პრემიერი აცხადებს, რომ დონორების ყოველწლიური ფორუმი, საქართველოსა და მეგობარ სახელმწიფოებსშორის თანამშრომლობის კდევ უფრო მეტად გაღრმავებას უზრუნველყოფს.
„ჩემთვის დიდი პატივია საფუძველი ჩავუყარო დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება საქართველოს მთავრობასა და მის მეგობარ სახელმწიფოებს - განვითარების პარტნიორებს - შორის დიალოგისათვის. ბატონებო, თქვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის ფასდაუდებელია. ასეთი თანადგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, რომელსაც ექნება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და ძლიერი ეკონომიკა. ამჟამად დონორი ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები აფინანსებენ 500 პროქტზე მეტს, და საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღემატება. მხოლოდ 2014 წელს საქართველოს ბიუჯეტში საგარეო წყაროებიდან გათვალისწინებული იყო მილიარდ 36 მილიონი ლარის ოდენობის შეღავათიანი სესხებისა და 144 მილიონი ლარის მოცულობით გრანტების მიღება, რაც ფაქტობრივად სრულად იქნა ათვისებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პრიორიტეტებმა, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ განსაზღვრა, თქვენი ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სამომავლო ხედვა, რათა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად საუკეთესო შედეგების მისაღწევად. პარიზის დეკლარაცია დახმარების ეფექტიანობის შესახებ, რომელთანაც საქართველო 2011 წლიდანაა მიერთებული, ბუნებრივ მიზნებს გვისახავს, რადგანაც ქვეყანა მოწოდებულია გააუმჯობესოს სტრატეგიული დაგეგმვა და უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობა, აგრეთვე უზრუნველყოს საგარეო რესურსების ეფექტიანი გამოყენება მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიების განხორციელებასა და ვალდებულებების შესრულებაში. როგორც მოგეხსენებათ, პარიზის დეკლარაცია მოითხოვს, რომ დონორების მხარდაჭერა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას, არსებულ ინსტიტუტებსა და პროცედურებს. ამისათვის კი საჭიროა მთავრობის მხრიდან მეტი მფლობელობის დემონსტრირება. მფლობელობა ამ კონტექსტში გულისხმობს იმას, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განვითარების პოლიტიკას და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამის ნათელი დასტურია.
თუ კვლავ პარიზის დეკლარაციასა და განვითარების თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ყველა შემდგომ დოკუმენტს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, და თქვენ, ჩვენი პარტნიორები განვითარებაში, ორმხრივად ანგარიშვალდებული ვართ, რაც არის კიდეც ჩვენი ერთობლივი წარმატების საფუძველი. ბატონებო, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. თქვენი თანადგომა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მეგობრობისა და ნდობის დასტურია, არამედ გვაძლევს იმის იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს აქცევს უფრო უკეთესად და უფრო უსაფრთხოდ", - განაცხადა პრემიერმა.
ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორფდინაციო ფორუმზე გააკეთა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






