„ბატონმა ტომესენმა დღევანდელი საუბრის დროს რამდენიმე საიდუმლოც გაგვიზიარა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ქვეყანა არ იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღოს არანაკლები სარგებელი ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერ ოლემიკ ტომესენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციას, უკრაინის საკითხს და რეგიონულ პრობლემებს ასევე საქართველო-ნორვეგიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
“ საშუალება მქონდა გასული წლის სექტემბერში ოსლოში შევხვედროდი ბატონ ტომესენს და ის შეგვპირდა, რომ რაც შეიძლება მალე ჩამობრძანდებოდა საქართველოში საპასუხო ვიზიტით და მოხარული ვარ, რომ ის ჩვენი სტუმარია. ეს არის კიდევ ხაზგასმა იმისა, რომ ნორვეგიასა და საქართველოს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო, მეგობრული სათანამშრომლო ურთიერთობა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და სასარგებლო გახდეს ორივე ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ნორვეგიის გამოცდილებიდან როგორც დემოკრატიული აღმშენებლობის საქმეში, ასევე ეკონომიკურ წინსვლაში და ასევე ურთიერთობაში დანარჩენ მსოფლიოსთან. მოგეხსენებათ, რომ ნორვეგიას და საქართველოს ერთის მხრივ აშორებს ძალიან დიდი მანძილი, მაგრამ ამ ორ ქვეყანას აახლოვებს საერთო დამოკიდებულება ევროკავშირირისადმი. ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, არც საქართველოა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მაგრამ ორივე ქვეყანას გვინდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობები ევროკავშირთან. ბატონმა ტომესენმა დღევანდელი საუბრის დროს რამდენიმე საიდუმლოც გაგვიზიარა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ქვეყანა არ იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიიღოს არანაკლები სარგებელი ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ თანამრომლობას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა საქართველო-ნორვეგიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, კონკრეტულად კი განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება
„ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რაც ძალიან სერიოზული პოტენციალის შემცველია განათლების, კულტურის სფეროებში და ჩვენმა სტუმრებმა გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი ნორვეგიელი არის მოსურნე იმისა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სილამაზე ისტორია კულტურა არის კარგად ცნობილი. ასე, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას სერიოზული პოტენციალი აქვს ამ თვალსაზრისითაც. მადლობა სტუმრებს და მინდა გამოვთქვა ღრმა რწმენა, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






