უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი აქციით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდამჭერების დათვალიერება მოაწყო.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალებმა“ ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც საპარლამენტო პროცედურებით მთავრობის გადაყენებაზე ისაუბრეს.
„ყველაფერი კარგად რომ არ არის, ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ ის რაც დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა. მათ მიერ მიღებული კონსტიტუციით ეს იმდენად რთული პროცედურაა და იმდენად მაღალ ქვორუმს მოითხოვს, რომ მათ ეს ხმები რეალურად, არ აქვთ. ასე, რომ იმის დაპირება, რომ ისინი საპარლამენტო პროცედურებით მთავრობას გადააყენებენ, წარმოადგენს ტყუილს. ეს ინიციატივა რაც გააჟღერეს არ ეფუძვნება არანაირ პოლიტიკურ გათვლას და წარმოადგენს ემოციური მოლოდინით შექმნილ სურვილს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოატყუა თავისი მხარდამჭერები. დღევანდელი აქცია იყო მორიგი დათვალიერება მხარდამჭერების. იქ იყვნენ იგივე სახეები, ახალი მე პირადად ვერავინ დავინახე. მათ სურვილი არის დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






