უმრავლესობის წევრისთვის ანი მიროტაძისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია წარსულში დაბრუნების მცდელობა იყო.
ამის შესახებ დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების აქცია.
„დღევანდელი აქცია ჩემთვის წარსულში დაბრუნების მცდელობა იყო. იმ წარსულში სადაც ადამიანებს აწამებდნენ, იმ წარსულში, სადაც ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ. დღეს ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა ნახეს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების აქცია ქუჩაში და როგორ უნდა უწყობდეს ხელს ხელისუფლება დემოკრატიული პროცესის განვითარებას. იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც მიხვდებიან რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ და სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. მე მოვისმინე მათი მოთხოვნების. ადრე თუ გვიან ყველა ხელისუფლება წავა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით“, - განაცხადა მიროტაძემ.
რაც შეეხება მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, მიროტაძემ განაცხადა: „ჯერ ივარჯიშონ არითმეტიკაში, კარგად დათვალონ საკუთარი ხმები“.
შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მსვლელობისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებენ. როგორც დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ საკიტხში მათ "თავისუფალი დემოკრატების" იმედი აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






