როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, საკრებულოში უკვე შევიდა დავით ნარმანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებული ბიუჯეტიდან 20-ე მუხლის ამოღებას გულისხმობს.
შოშიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ეხება პროექტების შეთანხმებას თბილისის საკრებულოსთან და შესაბამისად იმის განსაზღვრას თუ რომელიმე პროექტი რა თანხით უნდა დაფინანსდეს.
,,დავით ნარმანია ნაცვლად იმისა, ებრძოდეს კორუფციას მის სისტემაში, უზრუნველყოფდეს მეტ გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობას, იკეტება მაქსიმალურად და ცდილობს გააღრმაოს ის მეტასტაზები, რომელიც დაწყებულია დიდი ხნის წინ თბილისის მერიაში კორუფციის სახით. დედაქალაქის მერი ყოველგვარი მეთოდებით ცდილობს, თბილისის საკრებულო და საზოგადოება ამყოფოს ინფორმაციის გარეშე, თუ რა თანხებს ხარჯავს კონკრეტულ პროექტებში. თუ თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაეთანხმება ამ გადაწყვეტილებას ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს და უპრავებს ნარმანიას იმ კორუფციას, რომელიც სუფევს დედაქალაქის მერიაში. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საკრებულო გახდება უფუნქციო ორგანო, რომელიც ფაქტიურად ნარმანიას ნოტარიუსად გადაიქცევა" - აცხადებს შოშიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები






