საქართველოს პრეზიდენტი შეთავაზების შემთხვევაში მზად არის რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა განიხილოს.
ამის შესახებ საგარეო უერთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლმა თენგიზ ფხალაძემ ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
თუმცა აქვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს.
„საქართველოს სახელმწიფოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, თუ ეს მოლაპარაკება რეალურად, მიზნას ისახავს იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც არსებობს რუსეთის ფედერაციასთან და რეალურად აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. დღეისათვის მსგავსი შეხვედრისთვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. თუმცა საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით და საქართველო მზად არის ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ. თუ იქნება შემოთავაზება, მზად ვართ ეს შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ“, - განაცხადა ფხალაძემ.
პესკოვის თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავენ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






