„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსლან ბაზიაშვილის სახით დამსახურებული თანამშრომელი გაათავისუფლა.
ამის შესახებ თარგამაძემ "ნიუპოსტთან" გომელაურის უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
„რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო“, - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-ს თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.
"დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






