როგორც კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი რეჟიმის შესახებ ბავშვებისთვის ფილმის ჩვენების კომენტირებისას აღნიშნა, მისთვის, როგორც სამი შვილის მამისთვის, ბავშვებისთვის მსგავსი ფილმების ჩვენება მიუღებელია.
„კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ დაპირისპირებას და ძალადობას, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი და ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი იქნა გაუბედურებული. მე მინდა, ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და "ნაცინალური მოძრაობის" პროვოკაციებს არ წამოეგონ. მათ აქვთ სურვილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თავი შეაცოდონ, ეს პოლიტიკური ოინები მათ ნამდვილად არ გამოუვათ, ყველამ ყველაფერი იცის, დღეს არაფერი არ იმალება.
რაც შეეხება ბავშვები მიყვანას იმ ფილმის ჩვენებაზე, რომელიც ასახავდა "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან სისხლიან რეჟიმს, მე როგორც მშობელი, როგორც სამი შვილის მამა რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები, რომ ბავშვებმა ასეთი ფილმი ნახონ, თუმცა ეს ყველაფერი არის რეალობა და არის ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ის დრო, რაც სულ რაღაც 2 წლის წინ ხდებოდა, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.
რაც შეეხება 21 მარტს დაგეგმილ აქციას, ვიცე-პრემიერის თქმით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს არის ჩვეულებრივი აქცია.
"მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ სიმშვიდეს, რომ ამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიროს. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს და ჩვენ ამაში ხელს არავის შევუშლით. ის დრო დასრულებულია საქართველოში, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხელკეტებით დასდევდნენ", - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






