„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, თუ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ მიდგომას არ შეცვლის, მალე ჩრდილოელი მეზობელი თბილისის ანექსიას მოახდენს.
ამის შესახებ დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ე.წ. დოკუმენტის გაფორმება მოსალოდნელი იყო.
„ეს არის საწყისი ეტაპი ანექსიისა, რომელიც მოხდა აფხაზეთში და დღეს ხდება ცხინვალში. შემდგომი ეტაპი იქნება თბილისი ასეთი ჩაჩუმათებული პოზიციიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს მთავრობა იჩენს. ამიტომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ რუსეთის ფედერაციამ ამ ქმედებით ქალაქ თბილისიდან 40 კილომეტრში „დააკანონა“ ფედერალური სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს ჯარები, რადგან ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტრო პირდაპირ „შეერწყა“ რუსეთის სამინისტროს, ოღონდ მათივე სამართლებრივი ფორმით. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შემაერთებელ გზაზე ჩვენ მივიღეთ „ეფ-ეს-ბეს“ ჯარები. ეს მიიღო საქართველოს მთავრობამ. ამაზე მხოლოდ განცხადებები საჭირო არ არის, ამას სჭირდება მკვეთრი შეცვლა პოზიციის, ზაქარეიშვილის გაშვება მინისტრობიდან, რომელიც პუტინს მტრად არ აღიქვამს, ასევე აბაშიძის გაშვება, რომელიც ცდილობს მუდმივად ასიამოვნოს რუსეთი. ამ ფონზე რუსეთი არა მარტო ცხინვალის და აფხაზეთის, არამედ თბილისის ანექსიასაც მოახდენს და ამას საქართველოს მთავრობას არავინ აპატიებს“, - განაცხადა დავითაიამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას ხელი კრემლში მოაწერეს.
ხელშეკრულება ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობას გულისხმობს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






