სტუმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელმოწერილი მემორანდუმი გადასცეს, სადაც მოცემული იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომლის მიხედვითაც, ხელმომწერთა აზრით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დოკუმენტზე ხელმოწერა სთხოვეს. დავით უსუფაშვილი მემორანდუმში წარმოდგენილ პრინციპებს დაეთანხმა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.
"კიდევ ერთხელ დავუდასტურე კოლეგებს, რომ დიახ, მე, როგორც ყოველთვის, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საჭიროა საარჩევნო სისტემის დახვეწა, მისი უკეთ მიახლოება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, უზრუნველყოფა, რომ ამომრჩევლის ხმა იყოს თანასწორი ქვეყანაში, ეს თანასწორობის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია და ყოველ ხმას ჰქონდეს ერთნაირი დატვირთვა და ერთნაირი წონა. პრინციპები, რაც კოლეგებმა დღეს ჩვენ წარმოგვიდგინეს, არ არის ახალი, და მე, როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე, პარლამენტის წევრი, ვიზიარებ ამ პრინციპებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია უფრო ინტენსიური მუშაობის რეჟიმში გადავა და კომისიის ფორმატში განხილული იქნება საკონსტიტუციო ცვლილელები, რომელიც საარჩევნო სისტემასთანაა დაკავშირებული. მან მემორანდუმზე ხელმომწერებს შესთავაზა, რომ საკუთარი წინადადებები საკონსტიტუციო კომიისის სამუშაო ჯფუფებში წარმოადგინონ. „ჩემი პირადი ამოცანაა, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს დემოკრატიულ სტანდარტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნეს როგორც ეროვნული და რეგიონული ადგილობრივი წარმომადგენლობის პრინციპი, მათ შორის, ქალთა მეტი წარმომადგენლობის ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მასალის გამოყენების პირობები






