გვახსოვს ადგილზე ერთმუშტად შეკრული ქართველი ხალხი, ხალხი რომელმაც დაამარცხა იმპერიები, არ შეუშინდა ბრძოლას და სიკვდილს, ხალხი რომელსაც სწამდა, სწამდა და დღესაც სწამს თავისუფალი და ძლიერი საქართველოსი!
გამარჯობა საქართველო!
მეგობრებო თქვენ ხედავთ ჩვენს გვერდით ბევრ ახალგაზრდას, ახალ სისხლსა და ქვეყნის ძალას, რომელსაც განსაკუთრებით სტკივა ქვეყნის გასაჭირი, რომელიც არასოდეს დათმობს ძლიერი საქართველოს იდეას, არ შეეგუება მტრის და გამყიდველის საქმიანობას! მინდა გითხრათ, სწორედ აქაა ახლა ბრძოლის ველი სადაც წყდება ვინ მართავს საქართველოს აბაშიძე-კარასინი თუ ქართველი ხალხი! ესაა ღირსების ბრძოლა და ამ ბრძოლაში მხოლოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს! მე მინდა სწორედ თქვენს შვილებს, ჩვენს დებსა და ძმებს, ჩვენს მომავალს გადავცე სიტყვა, რადგან სწორედ ისინი ვერასოდეს შეეგუებიან გაყიდულ საქართველოს, სწორედ ისინი გასცემენ მტერსა და გამყიდველს პასუხს!
მაშ ერთხმად ვუთხრათ ოკუპანტის დესპან აბაშიძეს - გადადექი!
ჩვენ არ დავუშვებთ იმას რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირი მტრის ენით გველაპარაკოს და მტერს გარანტიები აძლიოს რომ ის ვერასოდეს იხილავს საქართველოს ერთიანსა და ძლიერს! მინდა ოკუპანტის დესპან აბაშიძეს ვუთხრა, რომ ერთიანი და ძლიერი საქართველო საშიშია მხოლოდ მტრისთვის და თუ ეს გაშინებს - გადადექი!
ქართველი ხალხის სახელით!
მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს და სრულიად მთავრობას - გაემიჯნეთ გამყიდველ აბაშიძეს და დაუყოვნებლივ იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან გამყიდველი! შეწყდეს დიალოგი რომელმაც ქინძის, კამისა და ოხრახუშის ფასად გააყიდინა აბაშიძეს საკუთარი ხალხი! ჩვენ არ დავუშვებთ კახეთის ცხინვალიზაციას, არ ვიტყვით უარს ერთიან და ძლიერ საქართველოზე, არ შევეგუებით დედაქალაქში რუსული ჯართის ჯლიგინს, არ დავუშვებთ საქართველოს რუსულ ჯურღმულში!
მეგობრებო დღეს გვიბღალავენ და ლაფში თხვრიან ყველაფერს წმინდას ყველაფერს ქართულს, მაგრამ მე მინდა მტერსა და გამყიდველს ვუთხრა რომ დღეს ყველა ოჯახში იზრდებიან ჩოლოყაშვილები და ანწუხელიძეები და ეს ჩოლოყაშვილები და ანწუხელიძეები ჩაგხედავენ თვალებში და მოგთხოვენ პასუხს!
თავისუფალ, ერთიან, და ძლიერსა და ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს მეგობრებო!“ - ნათქვამია 7 მარტს, მუხრან ბურჭულაძის მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები






