„ნაციონალური მოძრაობა“ კიდე ერთ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებენ.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთიმა წევრმა პავლე კუბლაშვილმა განმარტა, აღნიშნული ინციდენტის გამო პატრულის თანამშრომლები ნიკა ალიხანაშვილი და არჩილ დავითულიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ეს ფაქტი იანვარში მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა რამოდენიმე ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში. მძღოლთან მიმართებაში არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი შედგა იმ პირებთან, რომლებიც იყვნენ ამ მანქანაში. მათ მიაყენეს სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომლებს. საჭირო გახდა პატრულის სხვა დანაყოფების ჩართვა იმისათვის, რომ მათი ეს ძალადობა აღეკვეთათ. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნისთვის. მოგვიანებით, ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ დაკავებული მოძალადე გაათავისუფლეს. ხოლო პატრულის თანამშრომლების მიმართ დაიწყეს გამოძიება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას პროკურატურის ორგანოებიდანაც. პირდაპირ პროკურატურიდან ითხოვდნენ ამ ადამიანების გათავისუფლებას“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






