უსუფაშვილის თქმით, ვინც ძალადობრივი ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას ცდილობს, იგი ამ გზით პირიქით მათ გაძლიერებას უწყობს ხელს.
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის დასამარცხებლად საჭიროა ის არ აქციო მნიშვნელოვან მოვლენად და არ უნდა მიაწერო მას ის, რისი კეთებაც არ დასიზმრებია.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი პრემიერის იმ განცხადებაზეც გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალების" რადარებიდან გაქრობასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ჩემს კოლეგას და მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ და მივმართავ საკუთარ თავსაც, ჯობია ჩვენი გაკეთებული საქმეებით დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა. საქართველოს მოსახლეობა არის მოცემულობა – ის ვერ იმატებს და ვერ იკლებს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. რაც მეტ ადამიანს მოვწონვარ მე, რაც მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი რეფორმა ჩავატარეთ ჯანდაცვაში, ამაზე უკეთესი წინადადებები თუ გვექნება, ჩვენს მიერ გარემონტებული გზები, მომატებული პენსიები, გათავისუფლებული ბიზნესი და მედია, აშენებული შენობები და ა.შ., _ ამის კეთებით მოხდება ის, რომ თუ წინა არჩევნებზე მხარს გვიჭერდა 57%, ახლა ბევრს და კარგს რომ გავაკეთებ, კიდევ დამიჭერს მხარს 17% და ვის მოაკლდება ეს 17%? იმ ვიღაცას, ვისი რადარიდან გაქრობა თუ დასუსტებაა ამოცანა,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






