პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორს, ირაკლი ჟორჟოლიანს შეკითხვებით მიმართეს. უმრავლესობის დეპუტატი ლუკა კურტანიძე ე.წ „პატრიოტთა ბანაკების“ ფუნქციონირებით დაინტერესდა, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში, „პატრიოტთა ბანაკებში“ ახალგაზრდების „უმსგავსო“ აღზრდა ხდებოდა.
„წლების განმავლობაში, რამდენად მანკიერი იყო ახალგაზრდებისადმი მიდგომა, ეს კარგად ვიცით. რაღაც „პატრიოტთა ბანაკები“ და ახალგაზრდების უმსგავსო ზრდა იყო. იქ ახალგაზრდები არ ვიცით, რა კუთხით იზრდებოდნენ და ა.შ. ამ მხრივ, რა ცვლილებებია, შეიცვალა თუ არა სისტემა და ახალგაზრდები იზრდებიან თუ არა ეროვნული ღირებულებებით? ასევე მაინტერესებს, დამთავრდა თუ არა ახალგაზრდების ის უმსგავსო აღზრდა, რის შესახებაც ჩვენ კარგად ვიცით და ეს ერთად გამოვიარეთ“, - მიმართა კურტანიძემ ჟორჟოლიანს.
ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ „პატრიოტთა ბანაკებს“ სახელი შეეცვალა და მას „მომავლის ბანაკები“ ჰქვია. მისი თქმით, პროექტის გაჯანსაღება ხდება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






