არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო.
ამის შესახებ ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პირველ რიგში, აღმაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ამ სახით გავრცელება. ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ და წაახალისონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე–17 მუხლის მოთხოვნებს.
შეშფოთებას იწვევს ასევე ის, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების განხორციელებაში, როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს რესურს ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ეს ქმედება თავისი არსით საარჩევნო/პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე, ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებად - სეანსის მიმდინარეობისას ღიად ხდებოდა აგიტაცია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად.
ამასთან, ცალსახაა ღონისძიებებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებული ჩართულობა, ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების პოლიტიკის პრინციპს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და არღვევს საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებისაგან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
საქართველოს პარლამენტს – შექმნას იმგვარი სამართლებრივი სივრცე, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების, ასევე, მათ მიმართ მავნე ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფს, და შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – დაუყოვნებლივ მოიკვლიოს გარემოებები და დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკრეტული პედაგოგებისა და დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვა;
კოალიცია ქართულ ოცნებას – საჯაროდ გაემიჯნოს მსგავს კამპანიებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სამართლიანი მეთოდები გამოიყენოს, რათა პოლიტიკურ ბრძოლაში არ იყოს დარღვეული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებები.
ვფიქრობთ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. ადამიანებით, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებით მსგავსი მანიპულირებით, საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






