თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაბახმად დოკუმენტში უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებია გაწერილი. დოკუმენტი გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
დოკუმენტის თანახმად, 2015-2016 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება: თავდაცვის მართვის სრულყოფა, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
„მინისტრის ხედვის“ მთავარი გზავნილების მიხედვით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ეფექტიანი, მობილური, თანამედროვე და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხედვა, რომელიც საარტილერიო, ჯავშანსაწინააღმდეგო და ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების გეგმების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. „მინისტრის ხედვაში“ ასევე, საუბარია ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაზე, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ მხარდაჭერაზე, გენდერული თანასწორობის განმტკიცებაზე, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე.
თავდაცვის სამინისტროს სახელმძღვანელო დოკუმენტში, ასევე, დიდი ადგილი ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნასა და კარიერის მართვას.
„მინისტრის ხედვაში“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დასახელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სამშვიდობო მისიებში კვლავაც აქტიურად იქნებიან ჩართულები. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ პროცესს განახორციელებს, შესაბამისად, ჩამოყალიბდება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე; ასევე, ყურადღება გამახვილებულია პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ინტენსიურ თანამშრომლობაზე.
ღონისძიების ბოლოს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროების მისიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები






