კომპანია ,,აიფიემი" აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია თუ არა მთავრობის მიმდინარე სასქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღალ აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.
ამჯერად, 2014 წლის დეკემბრისა და 2015 წლის თებერვლის თვეების შედარებით სურათს განვიხილავთ. მარტივი დასკვნა ასეთია, მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებით მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ვარდება, საშუალოდ 3-4%-ით, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა, რომელიც ისევ ლიდერობს, და რომლის პარამეტრმაც 7%-ით მოიმატა. სხვა სიტყვებით, გამოკითხულები ნაკლებად ეფექტურად თვლიან მთავრობის საქმიანობას, ვიდრე ეს 2014 წლის დეკემბერში იყო.
GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
შედარებითი გრაფიკი

მაღლა მოცემული გრაფიკის მონაცემების მიხედვით, დიდად მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა არ შეცვლილა, თუმცა შემდეგი გრაფიკი, რომელიც გვეუბნება, თუ რამდენად აქვთ გამოკითხულებს იმედი, რომ მთავრობის ამჟამინდელი საქმიანობა წარმატებით დასრულდება რამდენიმე წელიწადში, მართლაც დიდი სხვაობას გვაძლევს 2014 წლის მონაცემებთან შედარებით.
GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი
შედარებითი გრაფიკი

აქ უკვე ვხედავთ, რომ წარმატების მოლოდინი გამოკითხულებს სულ უფრო და უფრო ნაკლები აქვთ. არა მინუსურ მნიშვნელობას მხოლოდ ჯანდაცვა, განათლება და ხალხისადმი მთავრობის დამოკიდებულების ჯგუფები იღებენ. დანარჩენი ყველა პარამეტრი უკლებლივ ნულს ქვემოთაა. მარტივი ახსნით, იმის იმედი, რომ საკვლევ მიმართულებებში რაიმე პროგრესი გაჩნდება, რესპოდენტებს ნაკლებად აქვთ.
როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაღლა მოცემული ორი ინდექსური სურათის ბაზაზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.
დაბლა მოცემულია გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის რეიტინგი მკვეთრად ეცემა და ამ კონკრეტული მთავრობის არსებობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩადის.
GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
შედარებითი გრაფიკი

როგორც ვხედავთ, საქმიანობის რეიტინგი მთავრობას არ უმჯობესდება არსად, მხოლოდ ერთადერთი მმიმართულება, სადაც რეიტინგი არ ეცემა არის ჯანდაცვის მიმართულება.
ბოლოს, ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული რეიტინგის დინამიკა თვეების მიხედვით.

ტექნიკური ინფორმაცია
კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის თებერვლის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო
• განათლება და მეცნიერება
• ეკონომიკური საქმიანობა
• დასაქმება
• სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა (მათ შორის პენსიონერებზე)
• საგარეო ურთიერთობები
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
• პოლიცია
• ადამიანის უფლებები
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე
მასალის გამოყენების პირობები






