მოძრაობა ,,დაბრუნება“ აფხაზთა კრების სხვა ორგანიზაციებთან ერთად უერთდება 2015 წლის 21 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციას საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ჩვენ იმთავითვე ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას იმ სრულიად აშკარა საფრთხების შესახებ, რომელსაც უქადდა საქართველოს სახელმწიფოს რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მიერ ოკუპანტის დაკვეთით შეკოწიწებული კოალიცია ,,ქართული ოცნება“. გარეგნულად მეტად მიმზიდველი სოციალური ფრაზეოლოგიითა და ,,სამართლიანობის აღდგენის“ ყალბი ლოზუნგით საზოგადოებრივი ცნობიერების მასობრივი გაბრუების, რუსული სპეცსამასახურების მიერ დადგმული ე.წ. ,,ციხის კადრებით“ ისტერიაში გადასული ძლიერი ემოციური ფონის შექმნის შედეგად ამომრჩეველი ოსტატურად მოატყუეს და არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა კაპიტულანტ-კოლაბორაციონისტთა კონგლომერატი.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ისტორია მეორდებოდა. 1921 წელს ბოლშევიკები საქართველოში მოდიოდნენ სოციალური იდეით. მათი მაშინდელი ლოზუნგიც სამართლიანობის დადგენა იყო. მაშინაც მთავარ მტრად დასავლეთი იყო გამოცხადებული. სოციალისტურმა იდეოლოგიამ ისე დაბანგა ერი, რომ მის მიღმა ვერც მძვინვარე ათეიზმი დავინახეთ და ვერც პირსისხლიანი დამპყრობელი. ,,ქართული ოცნებაც“ მისი ბოლშევიკი წინაპრების ზუსტ ასლს წარმოადგენდა. მისი ბრჭყვიალა ლოზუნგები მხოლოდ შირმა იყო და ამ ფრაზეოლოგიის უკან ისევ გავეშებული რუსი მტაცებელი იდგა,რომელსაც არც ჩვენი სახელმწიფიებრიობა აინტერსებდა და არც ჩვენი სამართალი. მას მხოლოდ ჩვენი მონობა და ჩექმის ქვეშ ამოგდება სურდა. ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელია ყველა დასავლური დემოკრატიული ძალის, საღად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანება და წინააღმდეგობა დამპყრობლის მიერ წახალისებული ქვეყნის მაოხრებელი ხელისუფლებისადმი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მოძრაობა ,,დაბრუნება“ პრინციპულად აფიქსირებდა თავის პოზიციებს მთავრობის უთავმოყვარეო და სამარცხვინო საგარეო პოლიტიკისა თუ საშინაო ოლიგარქიული მმაართველობის, დემოკრატიის ნორმების უხეში ხელყოფის, ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური რეპრესიების, ოკუპაციის შედეგების ლეგალიზაცის არაერთი მცდელობის, კოლაბორაციონისტული ძალების წაქეზების, გამრავლებისა და სტიმულირების წინააღმდეგ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ყველა მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციის მონაწილე, ორგანიზატორი თუ მხარდამჭერი და დაუფარავად ვამხელდით ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს, ვეწინააღმდეგებოდით მის დამანგრეველ პოლიტიკას; რადიკალურად დავუპირისპირდით საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გაცოცხლებულ მუმიებს-თბილისში განთავსებული აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის კოლაბორაციონისტულ შემადგენლობას; მოვითხოვეთ უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები და მთავრობის გადადგომა-გადაყენება. ჩვენ არ დავპირისპირებივართ ხალხს და მასთან ერთად დავრჩით 2012 წლის 1 ოქტომბერის არჩევნებით დაშვებული ტრაგიკული შეცდომის გამოსასწორებლად.
მოძრაობა ,,დაბრუნების“ ინიციატივით და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობითა და დახმარებით ორჯერ,-თბილისსა და ზუგდიდში,-შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აფხაზეთის პრობლემატიკით დაინტერესებული საზოგადოების თავყრილობა - ,,აფხაზთა კრება“, რომელმაც მკვეთრად უარყო ხელისუფლების მაამებლური, კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის მიმართ და მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით, მოითხოვა აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების შემადგენლობის სრულად შეცვლა არჩევნების გზით. არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულდა.
ამავე დროს, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ თითქმის ყველა წამყვან დასავლურ საზოგადოებრივ ძალასთან, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციათან ერთიანი ფრონტით საქართველოში ქვეყნის ნგრევის შესაჩერებლად და რუსული მმართველობის დასასრულის მოსაახლოებლად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია გასული წლის 15 ნოემბრის გრანდიოზული მანიფესტაცია თბილისში, რომელიც სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის პრობლემატიკასთან იყო დაკავშირებული და უზარმაზარი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.
საბედნიეროდ,დღეს ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე ,,ქართული ოცნების“ სახით: ქვეყნის დისკრედიტირებული საგარეო პოლიტიკური იმიჯი; ეკონომიკური კოლაფსი; უმძიმესი სოციალური ყოფა; არნახული კორუფცია და ნეპოტიზმი; კრიმინალის თარეში; მოშლილი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. ქვეყანაში ფაქტიურად მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება და იმართება არა სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით, არამედ კულისებიდან, ერთი პირის - არაფორმალური მმართველის მიერ. ის თავის მხრივ არის ოკუპანტი რუსეთის ნების უსიტყვო შემსრულებელი. მან მისივე დახმარებით თავის ხელში სრულად გააერთიანა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, უდიდესი წნეხის ქვეშ ჰყავს სასამართლო, რომლის სრულ გაკონტროლებასაც ამჟამად ცდილობს.
ამ ვითარებაში ხალხის ნებით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისაკენ მიმართულ ღონისძიებად მივიჩნევთ 21 მარტის აქციას და მისი ორგანიზატორების მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ, რომელიც სრულად არის პასუხისმგებელი შექმნილი ვითარების, განსაკუთრებით სახელმწიფო გადატრიალებისა და კრემლის მარიონეტის არაფორმალური მმართველის პლუტოკრატიულ-თაღლითური რეჟიმის დამყარებისათვის. ამ მოთხოვნის განხორციელება კი ძლიერ შეასუსტებს და შეარყევს ამ მმართველობას, რომელიც შემდგომ ისევ ხალხის მტკიცე ნებით და დემოკრატიული არჩევნების გზით, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა შეიცვალოს ახალ ,,შულავერელთა“ ხელისუფლებისაგან ჩამოშორებით, მათი გარიყვითა და მასში რეალურად ევროატლანტიკური, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების მოსვლით. აქვე განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანის - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და ქვეყნის მთლიანობის აღდგენის უპირველეს პირობად მიგვაჩნია სწორედ რუსეთისაგან ხელდასმული ხელისუფლებისა და სხვა პრორუსული ძალებისათვის ისტორიის სანაგვეზე დამსახურებული ადგილის მიჩენა.
ოლიგარქმა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ აგვიფეთქეს საყდრისი, აგვიფეთქეს ეკონომიკა და ფინანსური სისტემა, დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში უაღრესად გააღატაკეს მოსახლეობა, დაივიწყეს ოკუპირებული ტერიტორიები. ნუ მივცემთ მათ საშუალებას აგვიფეთქონ სახელმწიფო!
ჩვენ ერთად ეს შეგვიძლია, საქართველო გაიმარჯვებს! გაისად სოხუმში!
მოძრაობა ,,დაბრუნება“
მასალის გამოყენების პირობები






