მურმან დუმბაძე გამოეხმაურა „თავისუფალი თაობის“ მიერ გუშინ გაკეთებულ აქციას. ამ ჯგუფის წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების ყველა მოღალატე დეპუტატის“ სახლთან აქციას გამართავენ.
გუშინ „თავისუფალი თაობის“ წევრები იყვნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ჯემალ ფუტკარაძის სახლთან, სადაც მას „მოღალატე“ და „სამარცხვინო“ უწოდეს. „თავისუფალი თაობის“ წევრებმა გუშინვე დაანონსეს, რომ „მათი სტუმრობა დამთავრდება მურმანისთან სახლში“.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ არავის მისცემს უფლებას შეიჭრას მის კერძო საკუთრებაში და თუ ვინმე გაბედავს მისი ოჯახის, მეუღლის, ნათესავების ან გვარის შეურაცხყოფას, ყველას სათანადო პასუხს გასცემს. „მე მაქვს კონსტიტუციური უფლება დავიცვა ოჯახი და კერძო საკუთრება“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძესთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები - ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე.
შეგახსენებთ, ზემოთ დასახელებული სამივე დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი იყო, უკვე რამდენიმე თვეა ეს სამი დეპუტატი მართველ პარტიას დაუპირისპირდა.
ბრიფინგის მერე მურმან დუმბაძე ბათუმში წავიდა იარაღის შესაძენად.
წყარო "ბათუმელები"
მასალის გამოყენების პირობები






