რა ახალი გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამა არსებობს ქვეყანაში? რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს მეცნიერები? რა შესაძლებლობებს უქმნის მათ განათლების სამინისტრო? დაფინანსების პარალელურად რა ახალ მოთხოვნებს უყენებს კვლევით ინსტიტუტებს მთავრობა და კიდევ გაიზრდება თუ არა მეცნიერების ხელფასები? „ვერსიის“ კითხვებს მინისტრი თამარ სანიკიძე პასუხობს:
_ ქალბატონო თამარ, წლების გამავლობაში, მეცნიერების განვითარება ხელისუფლებებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. თქვენი შეფასებით, ამის მიზეზი საჭირო ფინანსების არქონა იყო და ზოგადად, რა მდგომარეობა დაგხვდათ ამ სფეროში?
- მეცნიერების სფეროს რღვევა, მინიმუმ 15 წლის წინ დაიწყო. ამ ფონზე, ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. გაცილებით მარტივია, როცა რაღაცის დაწყება სუფთა ფურცლიდან გიწევს - გეგმავ და მისი განხორციელებისთვის მიზანმიმართულად მოქმედებ. რთულია, როცა გაქვს მოცემულობა, თანაც ისეთი, რომ სფერო პრაქტიკულად განადგურებულია. ალბათ გარკვეული ფინანსური პრობლემებიც არსებობდა, მაგრამ როცა განვლილი წლების ანალიზი გავაკეთე, დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს წინა ხელისუფლებების წარმომადგენლებმა რაღაც დაიწყეს და თავი ვერ მოაბეს, არასწორი გზით წავიდნენ... ამ ფონზე, ძალიან გაგვიჭირდა განვითარებისთვის საჭირო მიმართულებების განსაზღვრა. არადა, მეცნიერება, ჩვენთვის ნამდვილად პრიოროტეტულია, რადგან იგი ქვეყნის წარმატებასა და ეკონომიკურ წინსვლაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მითუმეტეს დღეს, როცა მსოფლიო დონეზე, ინოვაციებზე უდიდესი მოთხოვნაა. გამოიყენო მეცნიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ეს საერთაშორისო პრობლემა და მიზანია. ამ ფონზე, ბევრგან უკვე აღიარეს, რომ ერთი ქვეყნის ფინანსური თუ ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი ამ სფეროს განსავითარებლად. ამიტომაა შექმნილი მსოფლიოში რამდენიმე დიდი ჰაბი, სადაც ჩართულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და აკუმულირებულია რესურსები. ჩვენი გამოწვევაა, გვქონდეს ისეთი ძლიერი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ჩაერთვებიან საერთაშორისო, ინტერნაციონალურ კვლევებში.
- მინიმუმ 15-წლიანი რღვევის შემდეგ, საქართველოს აქვს ამის პოტენციალი?
- დიახ. ამის რესურსი ნამდვილად არსებობს და აუცილებელია, მისი გამოყენება და ხელშეწყობა. ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩავატარეთ აუდიტი, რომელმაც დაგვანახა, რომელ დარგში რა პოტენციალი გვაქვს და რა მიმართულებით შეიძლება წასვლა. გამოიკვეთა დარგები - ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ნაწილობრივ მედიცინა... სადაც პოტენციალი ნამდვილად არის, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ სფეროებში მიღწეული წარმატების 80% მიღწეულია საერთაშორისო კვლევებში და სამეცნიერო სფეროში ჩართულობით. აშკარად იკვეთება, რომ ჩვენი მეცნიერების ნაწილი, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში. სახელმწიფო აუდიტის შედეგად კი, გამოიკვეთა, რომ პრობლემა იყო მეცნიერების ორგანიზება-მართვაში. არსებული მოცემულობის შესწავლა უპირობო აუცილებლობა იყო, რათა სფეროში არსებული მდგომარეობის სირღმისეული ანალიზი მოგვეხდინა და გაგვეგო, როგორ განვავითაროთ ეს სფერო.
- ანალიზისა და ამ სფეროს განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავად მეცნიერები თუ იყვნენ ჩართული?
- რა თქმა უნდა. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს ვთხოვეთ, პროექტები და გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმები წარმოედგინათ. ხელშემწყობი ფაქტორები უნდა გააჩინო, მეცნიერებს ამოქმედების საშუალება უნდა მისცე, ამისთვის დაფინანსებაც უნდა გაზარდო, მაგრამ ერთი წლით არა, რადგან ამას შედეგი არ მოაქვს. პარალელურად, ისიც უნდა იცოდე, რა შედეგს დადებენ კვლევითი დაწესებულებები 3, 5, 10 წელში. წარმოდგენილი პროექტები შესაფასებლად უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერები გამოვიყენეთ, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასთან არსებულმა სამეცნიერო საბჭომ შეარჩია. ექსპერტიზა საქართველოში შეგნებულად არ ჩავატარეთ, რადგან ზოგადად, მსოფლიოში, მითუმეტეს, პატარა ქვეყნებში, გადასულები არიან კოლეგიალურ რეფერირებასა და საერთაშორისო ექსპერტიზაზე. საზღვარგარეთ ჩატარებული ექსპერტიზით, განვსაზღვრეთ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
მაგალითად, კვლევისა და კვლევითი პროგრამის აქტუალობა, სამეცნიერო პუბლიკაციები, ციტირების ინდექსი, პატენტები, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა (პროექტები, გრანტები, საერთაშორისო პატენტები) და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ სამეცნიერო-კვლევით პროექტში წარმოდგენილია ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვა და განხორციელება რეალურად შესაძლებელია
შემდეგ, ინდივიდუალურად ვიმუშავეთ კვლევით დაწესებულებებთან და მათ დირექტორებთან. მუშაობის შედეგად შევჯერდით შემადგენლობაზე, პერსონალზე, ფინანსებზე... განვსაზღვრეთ რომელი კვლევითი ინსტიტუტისთვის რა რაოდენობით უნდა გაგვეზარდა დაფინანსება, როგორ გაგვეზარდა მეცნიერთა ხელფასები და რა პირობები უნდა შევუქმნათ მათ, ეფექტური მუშაობისთვის.
- ეს ყველაფერი დაედო ალბათ საფუძვლად ახალი სამეცნიერო პროგრამის შექმნას. რას გულისხმობს ეს პროგრამა და კიდევ რა სიახლეებს შესთავაზებთ მეცნიერებს?
- ზოგადად, პროგრამა გულისხმობს მეცნიერების მხარდაჭერას, კვლევითი დაწესებულებების გაძლიერებას და მეცნიერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. დაგეგმილია, თითოეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, როგორც პოტენციური საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაძლებლობის შეფასება ეკონომიკური საინოვაციო განვითარების და ასევე, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით (დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან მუშაობა), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებულ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში მეცნიერთა სტატუსის განსაზღვრა და სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის წესით მეცნიერ-თანამშრომლების არჩევა; სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა და პრიორიტეტების მიხედვით, შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გაძლიერება-განვითარება; „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების სტატუსისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით.
- მეცნიერების სტატუსის, უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები რატომაა საჭირო და დაგიჭერთ თუ არა მხარს პარლამენტი?
- თავის დროზე, 42 კვლევითი დაწესებულება აკადემიიდან გამოიყვანეს და უმაღლეს სასწავლებლებს შეუერთეს, როგორც სტრუქტურული ერთეულები. მხოლოდ რამდენიმე დარჩა საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსით. ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც „მეცნიერების და ტექნოლოგიების შესახებ“ საქართველოს კანონით მოეთხოვება სსიპ-ის ქვეშ მყოფ მეცნიერს, არ ვრცელდება სტრუქტურულ ერთეულებზე. მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული ერთეული, კანონითვეა აღიარებული სამეცნიერო დაწესებულების ერთ-ერთ ფორმად. მარტივად რომ ვთქვა, ერთ შემთხვევაში მეცნიერ თანამშრომლის სტატუსი არსებობს, მეორეში - არა. ერთ შემთხვევაში გარკვეულია ატესტაციასთან, გრანტების მოპოვებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მეორეში - არა. ასევე, ორივე შემთხვევაში, პრობლემაა, რომ მათ დოქტორანტის ყოლის უფლება არ აქვთ. აქედან გამომდინარე აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, რათა განისაზღვროს მეცნიერის სტატუსი, დაექვემდებარონ ისინი ატესტაციას და ჰქონდეთ დაწესებულებებს დოქტორანტის ყოლის უფლება. ვფიქრობ, მეცნიერებთან და რექტორებთან კონსულტაციების შემდეგ, გაზაფხულის ბოლოს, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად იქნება. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭერს.
- ეს და კიდევ სხვა პრობლემები, ხომ არ არის იმის დასტური, რომ თავის დროზე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების უმაღლეს სასწავლებლებში ინტეგრაცია შეცდომა იყო?
- რთულია ამაზე გიპასუხოთ, რადგან ვერ გავაკეთე ანალიზი, საერთოდ რატომ გატარდა ეს ცვლილება. ამის შესახებ მხოლოდ მითქმა-მოთქმის დონეზე მსმენია. არც რაიმე კვლევა ჩატარებულა და არც რაიმე დოკუმენტი შექმნილა. ზედმეტია საუბარი ცვლილების განსახოციელებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე. თითქოს ეს ამ სისტემის მოშლის შემადგენელი ნაწილი იყო.
- ამ ფონზე, არის შესაძლებელი, მათ ისევ დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება მიეცეთ?
- დაგეგმილი გვაქვს კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული შესწავლა. ვფიქრობ, უმაღლეს სასწავლებლებში ინტეგრირებული 42 კვლევითი დაწესებულების ნაწილს, აქვს შესაბამისი პოტენციალი, იყვნენ დამოუკიდებელი, იურიდიული პირები.
- და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი „დამოუკიდებლობის მოპოვება“ რომ შეძლონ?
- ინსტიტუციური მდგრადობა, ადამიანური კაპიტალი და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა - ეს არის უმნიშვნელოვანესი მათი შეფასებისას. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მეცნიერების განვითარებისთვის. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და ამას ისიც მოწმობს, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა „კვლევებისა და ინოვაციების საბჭო“. სწორედ ამ საბჭოს ფარგლებში მოხდა წარმოდგენილი პროგრამის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება. დაწესებულებებს გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ ფინანსური რესურსების განაწილებისას, მაგრამ მაინც - დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული რესურსი, უშუალოდ მეცნიერების ხელშეწყობისკენაა მიმართული და ამიტომაც დავაწესეთ სახელფასო მინიმუმები.
- როგორია ეს სახელფასო მინიმუმები და გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, კიდევ არის თუ არა მოსალოდნელი მეცნიერების ხელფასების გაზრდა?
- ზოგადად, სახელფასო მინიმუმი 500 ლარით განისაზღვრა. 500 ან 700 ლარს მიიღებს მეცნიერთანამშრომელი, რომელსაც აქამდე ხელფასი, შესაბამისად, 170-240 ლარი ჰქონდა. უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი 245, 275 ლარიდან 600, 700 ლარამდე გაიზარდა. მთავარი მეცნიერი, რომელსაც აქამდე 305 ან 350-ლარიანი ანაზღაურება ჰქონდა, უკვე 700, 800 ლარს მიიღებს. დირექტორის ხელფასი კი, 670 ლარიდან 1 250 ლარამდეა გაზრდილი. ხელფასები, შესაძლოა მომავალშიც გაიზარდოს. ყველაფერი რესურსებიდან გამომდინარეობს.
- და დაფინანსების ალტერნატიული წყაროებიდან, გრანტებიდან... საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რამე ხომ არ შეიცვლება მათი მოპოვების კუთხით?
- მოქმედი კანონით, სამეცნიერო დაწესებულებები არ არიან შეზღუდულები დამატებითი ფინანსების მოძიებაში. პირიქით, აუცილებელია გრანტები მოიპოვონ. 2014 წლიდან „რუსთაველის ფონდი“, რეალურად ხარჯავს 25 მილიონზე მეტ ლარს. ასეთი რამ წინა წლებში არ ხდებოდა. ახლა კი, ჩვენი მეცნიერებისთვის, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი, ევროპული ფონდის კარი იხსნება - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროპულ სამეცნიერო ფონდ „ჰორაიზენ 20/20“-ს მივმართეთ. ახლახანს მივიღეთ დასტური, რომ ეს 80-მილიარდევროიანი ფონდი ღიაა ჩვენი მეცნიერებისთვის. წევრობაში სახელმწიფო ფულს იხდის და ამით ხელს უწყობს მეცნიერებს, შეძლონ ფონდიდან სარგებლის ნახვა. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ჩვენმა კვლევითმა დაწესებულებებმა, აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ფონდიდან სერიოზული დაფინანსება წამოიღონ. სამომავლოდ, შესაძლოა, კანონში, ჩაიდოს მოთხოვნა, რომ გარკვეულ პერიოდში, დაწესებულებებმა რაღაც რაოდენობის გრანტების მოპოვება აჩვენონ. ასე რომ, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება მეცნიერების მხარდასაჭერად.
- ეს ყველაფერი ახალგაზრდებს გაუჩენს ინტერესს, მოღვაწეობა სამეცნიერო წრეებში გააგრძელონ?
- ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ისაა, ამ სფეროში მოვიზიდოთ ახალგაზრდები. ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა. მსოფლიო დიდი კვლევითი და სამეცნიერო ცენტრები მუშაობენ ამაზე. მათ, ჩვენზე უკეთ გამოსდით და იზიდავენ ახალგაზრდებს, არა მარტო თავისი, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ კი, საწყის ეტაპზე, ჩვენივე ქვეყნის ახალგაზრდების დაინტერესება მაინც უნდა შევძლოთ.
მასალის გამოყენების პირობები






