საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 20 30“-ის მიზნებზე და ამოცანებზე ტელეკომპანია "ჯიდიესის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმა განმარტა, პროექტის მიზანია საქართველოში მიმდინარე მოვლენების კვალიფიციური ანალიზი და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
„პროექტის საზოგადოება 20 30 მიზანი გახლავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ძირითადად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების კვალიფიციური ანალიზი.
ამავდროულად ისეთ თემებსაც განვიხილავთ და გავაკეთებთ სწორ აქცენტებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს განვითარების სტრატეგიის გასაგებად და დასალაგებლად. ამისთვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი. 60 კაცზე მეტი შედის დღეს „საზოგადოება 20 30-ში“. მათ რიცხვში არიან ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანები, რომლებსაც უნარი აქვთ ანალიზის გაკეთების და ჩვენ შევეცდებით, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ, ის რაც აკლია დღევანდელ მედიასივრცეს ჩემი აზრით... დღეს მედიაში ძალიან მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა და ძალიან ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლეობას. საზოგადოებას ძალიან უჭირს სწორად გაიგონ რა ხდება რეალობაში და სწორი ანალიზი მიიღონ მიმდინარე მოვლენებზე და ამავდროულად კარგად გავაცნობიეროთ ჯერ ჩვენ, შიგნით, დავალაგოთ თემები და შემდგომ საზოგადოებას მივაწოდოთ სად ვხედავთ განვითარების სტრატეგიას, როგორ უნდა მივაღწიოთ და როგორ უნდა წავიდეს და განვითარდეს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






