ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარლამენტის წევრმა გოკა გაბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით გაუხანგრძლივდა პატიმრობა გიგი უგულავას. საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით და აშკარად ფეხქვეშგათელვის პრაქტიკა ივანიშვილმა უკვე დანერგა და მისი პირადი პატიმრები, პირადი ტყვეები კვლავ საპატიმროში რჩებიან.
„ივანიშვილი საბოლოოდ დაადგა იმ გზას, რომ მას ეყოლება პირადი პატიმრები, მძევლები საპატიმროში და ამ გზით ცდილობს შეინარჩუნოს თავისი რეჟიმი, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მას რომ ადამიანი, რომელმაც გააღარიბა ათასობით ქართული ოჯახი, მოატყუა ხალხი და მძიმე სოციალ-ეკონომიკური კრიზისი დაატრიალა საქართველოში, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ მართავს ყველას და ყველაფერს საქართველოში, ვერანაირად ვერ აცდება ამ პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა გაბაშვილმა.
გაბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური ძალადობის და დაპირისპირების გზით უნდა ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა, ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც გიგი უგულავას გატეხავს, ვერც მის მეგობრებს და თანამებრძოლებს გატეხავს. ის ვერ მოახერხებს ამ ძალადობის, დაპირისპირების, დაჭერების, რეპრესიების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას.
"ჩვენ, 21 მარტს, ძალიან ბევრნი შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე და დავიწყებთ მოქმედებას, პოლიტიკურ პროცესს, რომელიც აუცილებლად დამთავრდება მისი რეჟიმის აღსასრულით, აუცილებლად დამთავრდება ამ სამარცხვინო მთავრობის გადადგომით. როგორც გიგის დაჭერა იყო პოლიტიკური აქტი და მისი პირადი შურისძიება, ასევე მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფარსში, ტრაგიკომედიაში მონაწილეობას, რასაც ივანიშვილის პროცესები ჰქვია. ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობის და დაპირისპირების გზით სიარულს, როგორც ამის სურვილი აქვთ დაწყებული სამეგრელოდან დამთავრებული ბევრ სხვადასხვა ადგილას, როდესაც პირდაპირ, სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები და საჯარო მოხელეები ჰყავთ გამოყენებული იმისათვის, რომ სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გააჩაღონ. ჩვენ ვაპირებთ ხალხმრავალი, მყარი, შეუპოვარი საპროტესტო, მაგრამ მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობით წერტილი დავუსვათ ამ ოლიგარქის სამარცხვინო მმართველობას საქართველოში", - განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






