ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი თავის ფეისბუქგვერდზეზე საკმაოდ უცნაურ განცხადებას აქვეყნებს, რითაც რუსეთის პრეზიდენტისა და მის შესახებ მოარულ ჭორებს კიდევ უფრო ამყარებს, რომლის თანახმადაც კრემლში ძალოვანები პუტინისგან კადიროვის თავს ითხოვენ.
კადიროვი აღშფოთებულია იმით, რომ მისი და ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ზაურ დადაევის ნაცნობობის გამო მასზე გარკვეული ხმები ვრცელდება.
„აშშ და დასავლეთი ცდილობენ შეარყიონ რუსეთი, დაანგრიონ მისი ეკონომიკა, ჩვენს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. რუსეთის მტრები ადრე საქართველოსა და ჩეჩნეთის მეშვეობით ცდილობდნენ რუსეთის დანგრევას, ახლა ხანძარი უკრაინაში გააჩაღეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ხალხები ჩვენი ნაციონალური ლიდერის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარშემო გავერთიანდეთ.

ამერიკა და დასავლეთი, მათი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, ცდილობენ დარტყმა მიაყენონ მათ, ვინც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ერთგულია. მათ მიერ გამოზრდილი მასმედია და სხვადსასხვა ორგანიზაციები სხვადასხვანაირად აბრუნებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის გვარს. ფეხით მოსიარულე რომ სხვა ადგილას გადაკვეთს ქუჩას, ამაშიც კადიროვია დამნაშავე, თუ ვინმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ესეც მისი ბრალია,“ - წერს აღშფოთებული კადიროვი.
იგი ფართოდ ეხება მისი და ზაურ დადაევის ნაცნობობის თემას, მას ნამდვილ მეომრად, გმირად და პატრიოტად მიიჩნევს, თუმცა, თვლის რომ თუ დადაევი დამნაშავეა ნემცოვის მკვლელობაში, იგი აუცილებლად უნდა გასამართლდეს რუსეთის კანონმდებლობის თანახმად.
კადიროვის ფეისბუქზე გამოქვეყნებული ტექსტი გაჯერებულია პუტინისადმი ერთგულების მტკიცებებით:
„მე ვაცხადებ, რომ მიუხედავად იმისა, რას წარმოვადგენ, რას ვსაქმიენობ, ვმუშაობ თუ არა - მე ვლადიმერ პუტინის უსაზღვროდ ერთგული ვარ და ჩემი ცხოვრების უკანასკნელ დღეებამდე წინ აღვუდგები რუსეთის მტრებს. ხაზს ვუსვამ, რომ მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები ვლადიმერ პუტინისადმი, მისი, როგორც ადამიანის ერთგული ვარ. და ეს არაა დამოკიდებული იმაზე, თანამდებობაზე იმყოფება ის თუ არა! ყველა, ვინც ცდილობს რომ ავნოს რაიმე რუსეთის პრეზიდენტსა და თავად რუსეთს, დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ მე თვალის დახამხამების გარეშე, ყველაფერს გავაკეთბ იმისათვის, რომ ეს არ დავუშვა,“ - წერს რამზან კადიროვი.
მასალის გამოყენების პირობები






