როგორც უნივერსიტეტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე უნივერსიტეტი მუშაობას სამი ფაკულტეტით დაიწყებს, სადაც დასაქმებულთა 70% ადგილობრივი იქნება, თითოეულის ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი. ინვესტიციების საერთო მოცულობა კი 5 მილიონი დოლარი.
"საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ინვესტიციის კუთხით გვერდით დგომა სჭირდება, საქართველოს სჭირდება განათლებული ხალხი და თუ მე ამ კუთხეში უნივერსიტეტს გავხსნი, შენობის გადმოცემა პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში ფუნქციონირებს მისი ძირითადი ოფისი ავსტრალიაშია, ქალაქ სიდნეიში. ეს იქნება ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი, სადაც ქართულ ენაზეც წარიმართება სასწავლო პროცესი, უნივერსიტეტში სწავლის უფლება ექნება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთელ ახალგაზრდებს, თუ, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობა შენობის პრობლემას გადაგვიჭრის. ინფრასტრუქტურას თვითონვე მოვაწესრიგებთ. შედგენილია პროგრამა, თუ როგორ უნდა დაიწყოს მუშაობა უნივერსიტეტმა, ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამაზე, შენობის და მიწის გამოყოფის შესახებ ოფიციალური წერილით მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კოტე შარაშენიძეს, რომელიც გაგებით შეხვდა ჩვენს წინადადებას და უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხს მუნიციპალიტეტიდან“ _ აცხადებდა უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი, ბილად სემიშ ბოზდემირი.
თუ რა სიტუაციაა დღეს, როცა ამ მოთხოვნიდან ორი წელი გავიდა, „გურიის მოამბე“ წმინდა კლემენტის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მენეჯერს, ცისანა ხარაბაძეს დაუკავშირდა.
_ ქალბატონო ცისანა, თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა დღეს?
_ არაჩვეულებრივია მაგ საკითხზე თუ მუშაობთ. ტელეფონით ამის ახსნა ძალიან რთულია, დიდი ისტორიაა, თანხმობა და მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, ნაწილობრივ მაინც ეგ საქმე გაკეთებული იქნებოდა, მოხარული ვიქნები, თუ დანტერესდებით, პირადად შემხვდებით და ჩემგან მიიღებთ ზუსტ ინფორმაციას.
_ როგორც ვიცი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია , ფილიალი უნდა გახსნილიყო და 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე იყო საუბარი ოზურგეთში?
_ 5 მილიონზე იყო საუბარი.
_ ხელისუფლებას თუ შეხვდით, დეპუტატთან თუ გქონდათ საუბარი?
_ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი მაქვს მზად, ყველასთან მაქვს საბუთების ეგზემპლარები დატოვებული.
_ როგორ ფიქრობთ მესმის, რომ უამრავი დეტალია, მაგრამ რატომ ითქვა უარი ერთი შეხედვით ასეთ კარგ შეთავაზებაზე?
_ რატომ ითქვა და, მე როცა ბოლოს იურისტს ველაპარაკე, გამგეობის იურისტი იყო, მითხრა, რომ გამგებელს დაელაპარაკებოდა, ველოდებოდი დადებით პასუხს და ნახევარ საათში კატეგორიული უარი ითქვა. აზროვნება დავკარგე, სასოფლო- სამეურნეო რაღაც უნდა გაიხსნას, სადაც მეტი ინვესტიცია იდებაო, მერიაში, ყოფილ სამხედრო ბაზის შემორჩენილ შენობაზე იყო საუბარი, თვითონ გამგეობამ შემომთავაზა, მისი იურისტები იყვნენ მოსულები, მიზეზი ძირითადად რა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის იყო, რისი თქმაც ტელეფონით არ მინდა.
_ სხვას თუ შეხვდით გამგებლის გარდა, გუბერატორს, დეპუტატს, თუ მოსინჯეთ?
მე მოვსინჯე ასეთი რაღაც, ვინც დაინტერესებული პირები იყვნენ ოზურგეთიდან, ორი პიროვნება, ვიყავით პარლამენტში მისულები, მოვითხოვეთ დეპუტატთან შეხვედრა, ზვიადი ერქვა თუ არ ვცდები, გვარი არ მახსოვს, შევხვდი პარლამენტში უნივერსიტეტის დეკანთან ერთად, მის კაბინეტში შედგა ჩვენი შეხვედრა, ბატონი ზვიადი თურმე რაღაც წლების განმავლობაში თურქეთში საქართველოს კონსულად მუშაობდა, ის იმით კი არ დაინტერესდა, რომ უნივერსიტეტი იხსნებოდა, არამედ დაინტერესდა ჩემი უფროსით, დაიწყო მასზე ინფორმაციის მოპოვება კომპიუტერში და მათარგმნინებდა რაღაცეებს, არ მისმენდა საერთოდ, მომიბრუნდა ბოლოს და მითხრა, რომ გამეგზავნა ყველაფერი და ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან მოშორებას გავდა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ჩემი დეკანი დაინტერესდა პატივისცემის ნიშნად გადასცა ვერცხლის პატარა თეფში უნივერსიტეტისგან სამახსოვროდ, როცა დავურეკე ბატონ ზვიადს, თქვენთვის რაღაც საჩუქარია და როგორ მოგაწვდინოთ, მითხრა, რომ საჩუქრებს არ ღებულობდა, ეს უბრალო სიმბოლური საჩუქარი იყო. მოკლედ შემიძლია გითხრა, რომ უარი მითხრეს, დეტალებს უკეთ აგიხსნით, ბატონ ირაკლისაც (სირაძე -გამგებლის ყოფილი მოადგილე) დავურეკე და ვუთხარი, რომ მათი დაინტერესება, რაიონი, სადაც უნივერსიტეტია, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის მეთქი, თქვენი არჩევანი იყო, რომ ნორმალური სიტუაცია ყოფილიყო, თქვენი მოსახლეობა დასაქმდებოდა, რატომ ითქვა უარი. აქ იყო რა, პირდაპირ რომ ვთქვა, სურდათ მათთვის შემეთავაზებინა პროცენტული მოგება, ან რაღაც თანხა, ჩემმა ახლობელმა, თანამდებობის პირმა მითხრა, რომ შოკოლადი რომ მიგეტანა, საქმე გაკეთდებოდაო. ტელეფონით მესაუბრა და შოკოლადი ახსენა და იმ შოკოლადში რაც იგულისხმა, კარდაგაც მივხვდი. უნივერსიტეტი რომ დაარსებულიყო, ამით სარგებელს ნახავდა სახელმწიფოც, მაგათ გამდიდრებას ნამდვილად არ ვაპირებ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






