„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, პარლამენტში დაგეგმილი რიგგარეშე სხდომის ჩაშლით უმრავლესობამ იგნორირება გაუკეთა საზოგადოებას.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, უპრეცედენტოდ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სხდომას.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი არაფერი მახსენდება. არგუმენტს, რომ გუშინ კომიტეტების სხდომაზე უკვე ვისაუბრეთო, არანაირი ძალა არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ რაც გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ, მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს გარდა იმისა, რომ რაღაც ხარჯების შემცირებაზე საუბრობს. ეს ეკონომიკური პრობლემების გადალახვის ნორმალურ პრობლემად ვერ ჩაითვლება. არგუმენტი იმის საპირისპიროდ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, არ არსებობს. მათი განცდა ხელისუფლებაში ყოფნის არის, რომ იგნორირება გაუკეთოს ოპოზიციას, მედიას და საზოგადოებას. ეს მალე დამთავრდება. ასევე ეს არის უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ. აქ წმინდა პიროვნული ფაქტორია. ეს ადამიანი აითვალწუნეს, რადგან ეს ადამიანი აითვალისწუნა ქვეყნის რეალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი უმრავლესობა იქცევა ისე, როგორც ივანიშვილი იქცევა. ეს ქვეყნისთვის არანორმალური ვითარებაა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა დღეს ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






